ქართველი ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე თავის “ფეისბუქ“ გვერდზე წერს, რომ 15 ივნისს საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავი, მსახიობი სოფი ლორენი საქველმოქმედო კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.
“ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მსურს, ძალიან სასიამოვნო, სასიხარულო და მნიშვნელოვანი ამბავი გაგიზიაროთ ფონდ ”ნატვრის ხის” 15 ივნისის ღონისძიებას ოპერისა და ბალეტის თეატრში, საპატიო სტუმრის რანგში მსოფლიო კინო ლეგენდა სოფი ლორენი შეუერთდება. მან სრულიად უსასყიდლოდ გამოთქვა სურვილი დადგეს ჩვენთან ერთად ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად. სოფი ლორენს მე ჯერ კიდევ 2007 წელს შევხვდი იტალიაში და საქართველოს შესახებ ვესაუბრე. მსოფლიო კინო ლეგენდამ მაშინ მითხრა, რომ საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ რუსეთში იყო ნამყოფი და საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა. აი, ეს დროც დადგა, უმშვენიერესი სოფი ლორენი 13 ივნისს საქართველოს ეწვევა და ფონდ "ნატვრის ხის" კონცერტზე ჩვენთან ერთად იქნება. 15 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ლა სკალას რეჟისორთან და ქორეოგრაფთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იგეგმება, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო პრემიერა მოეწყობა, თუმცა ამ ეტაპზე სიურპრიზად ვტოვებთ იმას, რაც კეთდება.“ – წერს “ფეისბუქზე“ ნინო სურგულაძე.