თბილისში, ვარკეთილის სამხედრო ქალაქში სამხედრო მოსამსახურეებისთვის საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის ღონისძიება გაიმართა. აბაშვილის ქუჩის 3-ში მდებარე სამხედრო ქალაქის V და IX კორპუსებში საცხოვრებელი ფართები 150 სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პირადად გადასცა. თინათინ ხიდაშელმა ახალ მესაკუთრეებს ბინების მიღება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
აბაშვილის ქუჩის N3-ში ბინები, ამჯერად, იმ სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება ნამსახურები წლების მიხედვით და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეების მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ N135 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის საფუძველზე ეკუთვნოდათ.
"ბინების დარიგების დროს რამდენიმე პრინციპი მოქმედებს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კონტრაქტებია, სადაც გარკვეულ პერიოდამდე სახელმწიფოს მიერ ვალდებულებაა აღებული. ეს არის პირველი და მთავარი კრიტერიუმი. ჩვენ დაახლოებით 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გვყავს დარჩენილი, ვისაც ბინა არ აქვს მიღებული. ჩემი მინისტრობის დროს უკვე 400-მდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო ბინა. ორ კვირაში, აღდგომის შემდეგ, კიდევ 120 ბინას გადავცემთ, ივნისში _ დაახლოებით ამდენივეს. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე კიდევ ორ კორპუსს ჩავაბარებთ ანუ თითქმის გავანახევრებთ სიას. 2017 წელს უკვე შესაძლებელი იქნება, მთლიანად დავასრულოთ ეს ვალდებულება. ამ ვალდებულებებში ხდება ადამიანების გადაჯგუფება მათი კონკრეტული მახასიათებლებით _ მრავალშვილიანობა, სოციალური სტატუსი, ნამსახურობის წლები. ბუნებრივია, დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭებათ. ჩვენ დავასრულეთ გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრების დაკმაყოფილება,“ _ განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
მაიორი ჯონი უჩანეიშვილი აღნიშნავს, რომ ეს მისთვის დიდი პატივია, იმ მსახურებისა და თავდადებისთვის, რაც წლების მანძილზე საქართველოს ჯარში მსახურებისთვის მიიღო. "დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ყველას, ახლახან ჩამოვედი ავღანეთის მისიიდან. ნამდვილად არ ველოდი, ნამდვილად სიურპრიზი იყო ჩემთვის. მთელი ოჯახით ძალიან ბედნიერი და გახარებული ვართ."
ბინების განაწილება კენჭისყრით განხორციელდა. სამხედროებს ბინები საკუთრებაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად გადაეცათ.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა სამხედროებთან და მათი ოჯახის წევრებთან ერთად ახალი ბინები დაათვალიერა და სარემონტო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
(R)