უფრო ადეკვატური იქნებოდა, არმაზ ახვლედიანი პარტიის განახლებისა და საარჩევნო სიის ფორმირების პროცესს დალოდებოდა და განცხადება მერე გაეკეთებინა, _ განაცხადა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა გადაცემა 2030-ში.
“თუ არსებობს კითხვები, არმაზ ახვლედიანს რა უნდა, ვინ მოიყვანა და საით მიდის, ამაზე პასუხი რეკომენდატორებმა და იმ ადამიანებმა უნდა აგონ, ვინც მასთან ერთად პოლიტსაბჭოში იყვნენ. ახვლედიანი თავის პარტნიორებს, პოლიტსაბჭოს კოლეგებს აკრიტიკებს და ამ კითხვებს პასუხი მათ უნდა გასცენ. ჩემი ინფორმაციით, არმაზ ახვლედიანი პარტიაში დავით უსუფაშვილის რეკომენდაციით მოვიდა”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მან ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანთან და ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროატლანტიკური ორიენტაციის სასარგებლოდ, ამომრჩევლის 77%-ის მიერ გამოხატული ნების გადახედვისა და შეცვლის უფლება არავის აქვს.
“ვიღაცას შეიძლება ჰგონია, რომ NATO-ს ბლოკი მხოლოდ სამხედრო ბლოკია, მაგრამ ეს პოლიტიკური ბლოკიც გახლავთ და იმისთვის, რომ მისი წევრი გახდე, მთელი რიგი ღირებულებების აღიარებაა საჭირო. ევროატლანტიკური ორიენტაცია იმ დიდ ღირებულებათა სისტემაში მოხვედრას ნიშნავს, სადაც ქართველებს ჩვენი სიტყვა გვეთქმის”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა