"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხვალ დაგეგმილ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ გიორგი კვირკაშვილს აირჩევენ, "რომლის ლიდერობით ჩვენი პარტია კიდევ უფრო დიდ შედეგებს და პროგრესს მიაღწევს"
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
"პოლიტსაბჭო განახლებული შემადგენლობით აირჩევა; იქნებიან როგორც ძველი წევრები, ასევე ახალი სახეები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში აქამდე აქტიურად ჩართული არ იყვნენ. ახალ სახეებს ეტაპობრივად წარვადგენთ და საბოლოო სახით, სია არჩევნების წინ ჩამოყალიბდება. ახალი სახეების წარდგენა ყრილობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზავნილი იქნება", _ განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ყრილობას სპორტის სასახლეში 9 000 ადამიანი დაესწრება.
"ყრილობაზე იქნებიან ჩვენი პარტიის წევრები, პარტიული სტრუქტურებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩვენი დეპუტაცია, სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები; მოწვეულნი არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები – "კონსერვატორები", მრეწველები და "რესპუბლიკური პარტია"; საპატიო სტუმარი იქნება ბიძინა ივანიშვილი; მოსაწვევი მიიღო ჩვენმა ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა", – განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის თანამდებობა ზეპარტიულია და პარტიულ ღონისძიებაზე პრეზიდენტის მოწვევა მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.