პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს ახალი წევრის, სოფიო კილაძის განცხადებით, იმ კურსით, რომელიც "ქართულ ოცნებას" აქვს არჩეული საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის და ნატო-ს წევრი.
ამის შესახებ კილაძემ "გურია ნიუსს" ყრილობის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, ის ძირითადი მიმართულებები, რაც პარტიას აქვს არჩეული მის ინტერესებთან სრულ შესაბამისობაშია.
"აქამდე არცერთი პოლიტიკური გუნდის და მათ შორის არც ქართული ოცნების" გუნდის წევრი არ ვყოფილვარ. თუმცა, "ქართული ოცნების" ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები ძალიან ახლოს დგას ჩემთან იმდენად, რამდენადაც, "ქართული ოცნებისთვის" ადამიანი, ინდივიდია მთავარი; მისი ღირსეული არსებობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ჯანდაცვის პროგრამა, C ჰეპატიტის პროგრამა, სოციალური მიმართულებით გარკვეული რეფორმები ამის დადასტურება იყო.
პრიორირტეტებს რაც შეეხება, ის ძირითადი მესიჯები, რაც ბატონმა პრემიერმა გააჟღერა, ბუნებრივია, სრულ თანხვედრაშია ჩემს მისწრაფებებთან, ინტერესებთან და პრიორიტეტებთან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, გავხდე პარტია "ქართული ოცნების" წევრიც და პოლიტსაბჭოს წევრიც. ბუნებრივია, ხაზს გავუსვამ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს ის კურსია, რომელმაც ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გამარჯვებამდე უნდა მიიყვანოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ აუცილებლად გახდება საქართველო როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს წევრი", _ აღნიშნა კილაძემ.
კითხვაზე – ვისი რეკომენდაციით მოხვდა ის პარტიაში, კილაძემ პასუხისგან თავი შეიკავა.
"ვრჩები მოსაზრებაზე, რომ შიდა საკითხები ფართო განხილვის საგანი არ უნდა იყოს, ამიტომ პასუხისგან თავს შევიკავებ", _ აღნიშნა კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ახალი პოლიტსაბჭო ყრილობაზე დღეს დაამტკიცეს. საბჭოს 9 ახალი წევრი დღეს აირჩიეს – ირაკლი კობახიძე, რომან კაკულია, დავით ბაქრაძე, დავით კოღუაშვილი, აკაკი ზოიძე, მამუკა მდინარაძე, ზვიად გონაძე და სოფიო კილაძე.
რაც შეეხება ძველ წევრებს _ განახლებულ პოლიტსაბჭოში დარჩნენ პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, დეპუტატები: თემურ ჭკუასელი, გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია, ერეკლე ტრიპოლსკი, მანანა კობახიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ირაკლი სესიაშვილი, ფინანასთა მინისტრი ნოდარ ხადური და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე.
ამავე თემაზე:
"ქართული ოცნების" ახალი სახეების ვინაობა ცნობილია
ვინ არიან და რას საქმიანობენ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრები
ჩემი მოლოდინია, ამ გუნდთან ერთად წარმატებას მივაღწიო – ირინა ფრუიძე