ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პოლიტიკაში მიდის. მეტრეველი პაატა ბურჭულაძის პარტიაში წევრიანდება. გადაწყვეტილების შესახებ მერაბ მეტრეველი გაზეთ "კვირის პალიტრაში" საკუთარ ბლოგში – "მერაბ მეტრეველის ფიქრები" წერს.
"პროფესიას ვიცვლი! ჟურნალისტიკას ვემშვიდობები და ვემშვიდობები "კვირის პალიტრის" მკითხველსაც. ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება. უპირველესად იმიტომ, რომ იმას ანებებ თავს, რასაც ამდენი ხანი აკეთებდი, ყველაფერს ცვლი და ახალ საქმეს იწყებ. კიდევ იმიტომ, რომ საქართველო, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ადამიანი შეიძლება მხოლოდ იმიტომ გალანძღონ, რომ პოლიტიკაში წავიდა. პოლიტიკოსობა ჩვენს ქვეყანაში ცუდთან ასოცირდება. ”აუ, რა უნდა, თავს რატომ იფუჭებს?!”, ”პოლიტიკა ბინძური საქმეა!”. იცით, რატომ არის პოლიტიკა ბინძური საქმე? იმიტომ, რომ პატიოსანი და ღირსეული ადამიანები თქვენსავით ფიქრობენ და პოლიტიკაში არ მიდიან, შედეგად კი ასპარეზი სხვებს რჩებათ. ჩემი აზრით, პოლიტიკაში უნდა წავიდეს ის, ვისაც გული ერჩის და ფიქრობს, რომ შეუძლია, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე აკეთოს. ეს არ არის პათეტიკა, ეს სურვილია."– წერს მეტრეველი.