ოზურგეთში, აკაკის ქუჩის ის მონაკვეთი, რომლის ორი მხარე რკინა-ბეტონის პატარა ხიდით ერთდება, კარგა ხანია, უსახელუროდაა.
"აქამდე ცალ მხარეს მაინც ჰქონდა ხელის მოსაჭიდი, ახლა ისიც მოტყდა და გადავარდა კიდეც მოხუცი ქალი წყალში. პატარა მდინარე ნაბჟუარა, კიდევ კარგი ადიდებული არ იყო, ხომ შეიძლება ეს გაკეთდეს? ოზურგეთში ბოლო დროს ბევრი რამ გაკეთდა და რა გახდა ამ ხიდის შერემონტება? ამ საფეხმავლო ხიდით ქვეითად მოსიარულეები ქალაქის ერთი მხარიდან მეორეში გადადიან," _ გვითხრა მედეა ჯიჯიეშვილმა, რომელიც თავადაც ამ ხიდით ყოველდღე სარგებლობს.
აქვე მცხოვრები ლიანა ჯინჭარაძე გვეუბნება, რომ თავად დაინახა როგორ გადავარდა ხიდიდან ხანშიშესული ქალი. "აქვე ვცხოვრობ. ქალი მიდიოდა და უცებ, ხმა რომ გავიგე, მივედი, ასაკოვანი ქალბატონი გაწუწული იყო და წყლიდან ნაპირამდე ძლივს ამოფორთხდა, დავეხმარეთ და ამოვიყვანეთ. სამ მეტრამდეა წყლიდან ხიდამდე სიმაღლე, მაგრამ გასაკვირია მაინც, როგორ გადარჩა. სიმართლე რომ გითხრათ, ქალაქის მერიაში არავისთვის გვითქვამს. რახანია, გვინდოდა, წერილით მიგვემართა, რომ ამ ხიდს სახელურები გაუკეთდეს და ცოტა შერემონტდეს. აქ დიდების გარდა, ბევრი ბავშვიც დადის"- გვითხრა მან.
"გურია ნიუსი" ქალაქის ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა.
"აღნიშნულის შესახებ ქალაქის მერიისთვის ადრე არავის მოუმართავს. ახლა გავიგეთ და იქ უკვე იყვნენ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, გაკეთებულია სახელურები და მალე შეღებავენ კიდეც," _ გვითხრა პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა შარაძემ.