"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" განცხადებით, 22 მაისის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპონენტების მხრიდან პროვოკაციები მატულობს.
ამის შესახებ პარტია განცხადებას ავრცელებს:
"წყალტუბოში, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია რამდენიმე ადამიანთან ერთად მივიდა და შეხვედრის ჩაშლას შეეცადა. არ გამოვრიცხავთ, რომ მსგავსი პროვოკაციული ქმედებები მიზანმიმართულად მომავალში სხვა რეგიონებშიც განვითარდეს.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ოპონენტებს მოუწოდებს, თავი შეიკაონ მსგავსი პროვოკაციული ქმედებებისგან, რადგან ასეთი ფაქტები ძაბავს წინასაარჩევნო გარემოს.
ამასთან, მივმართავთ ჩვენს მხარდამჭერებს, არ აყვნენ ოპონენტების პროვოკაციებს, ვინაიდან "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ინტერესებშია არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად დემოკრატიულ და თავისუფალ, მშვიდ გარემოში", _ აღნიშნულია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" განცხადებაში.
თუმცა, "თავისუფალი დემოკრატები" აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" მათი შეხვედრის ჩაშლა სცადა. მათივე განმარტებით, სოფელ ჩუნეში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრა პარტიამ 5 დღით ადრე დააანონსა.
"ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ აღნიშნული შეხვედრის დრო და ადგილი, მაგრამ რატომღაც აღმოჩნდა რომ 'ქართულმა ოცნებამაც" აქ გადაწყვიტა შეხვედრის ჩატარება. ჩვენ შევხვდით მოსახლეობას და სამომავლო გეგმები გავაცანით. ჩვენ არ ვყოფთ მოსახლეობას ჩვენ და სხვის ამომრჩევლებად, ჩემთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი მოქალაქის აზრი და ამიტომ, არ ვთვლი რომ დღეს რაიმე პრობლემატური მოხდა," _განაცხადა 22 მაისის შუალედური არჩევნების მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფელ წყალტუბოში ივანე როყვამ.