გურიის რეგიონში საგაზაფხულო ხვნას ხელი შეუშალა ამინდის ჭირვეულობამ. დღეისთვის სახნავი ფართობების ნახევარზე მეტი დამუშავებულია. აგრობარათების მფლობელთა იმ კატეგორიას, რომელსაც 2500 კვ. მ.-ზე მეტი მიწის ნაკვეთი აქვს, შპს "მექანიზატორი" ემსახურება. რატომ დაიგვიანა ხვნის პროცესმა, შპს "მექანიზატორის" ხელმძღვანელი ბესო გოგიტიძე ამბობს რომ, პირიქით, სულ მალე ხვნა მთავრდება გურიის სამივე მუნიციპალიტეტში.
"წვიმებმა ძალიან შეგვიშალა ხელი, თორემ აქამდე ხვნა დასრულებული იქნებოდა. რაკი გაჭიანურებული წვიმების გამო აგროვადებში ვერ ვეტეოდით, 15 ერთეული ტექნიკა კახეთიდან ჩამოვიყვანეთ. სულ რეგიონში 3500 ჰა-მდე ფართობია დასახნავი. აქედან იმ წილს, სადაც თითოეულ კომლს 2500 კვ.მ. მეტი ფართობი აქვს, ჩვენ ვამუშავებთ. სამიოდე დღეც და საქმეს მოვრჩებით. რეგიონში ახლა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაგვრჩა უფრო მეტი დასახნავი ფართობი. ჩვენი ტრაქტორისტები ამ წუთშიც მიდიან სამუშაოდ. გამოიდარა და დასაკარგი დრო არ გვაქვს, _ გვითხრა გოგიტიძემ.
მან ისაუბრა ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლეკიან-მოლიანის სახნავი ფართობის დასახნავად მომზადებაზე.
"აქ სოფლების მოსახლეობას საყანეები აქვთ, თუმცა ფერმებიც ჰყავთ და როგორც კი პირუტყვს მთაში გადენიან საძოვარზე, მაშინვე დავხნავთ," – გვითხრა მან.