პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებაზე, ჯგუფური დანაშაულის დროს სანქცია 4 წლამდე პატიმრობა იქნება, ხოლო თუ პირს ფიზიკური დაზიანება არ მიუღია, გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან/და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, _ აღნიშნულს ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.
ცვლილებების თანახმად, "სისხლის სამართლის კოდექსს" დაემატება ახალი მუხლი, რომელიც სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადს გახდის ძალადობას, ან ძალადობის მუქარას საარჩევნო უბანზე, წინასაარჩევნო აგიტაციის ან კამპანიის ადგილას, ან მათ მიმდებარედ.
მუხლი სხვადასხვა ნაწილისგან შედგება: ჯგუფური დანაშაულის დროს გათვალისწინებული იქნება ოთხ წლამდე პატიმრობა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირს ფიზიკური დაზიანება არ მიუღია, გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან/და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
ცვლილების პროექტს საქართველოს მთავრობა 27 მაისის სხდომაზე განიხილავს.
პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებაზე სანქციების გამკაცრების ინიციატივა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის, რასთან დაკავშირებული კანონპროექტის მომზადების დავალებაც მან იუსტიციის მინისტრს მისცა.
თუმცა, იურისტების ნაწილი ფიქრობს, რომ " პრობლემა დღეს არა მსუბუქ და ცუდ კანონებში, არამედ მათ აღუსრულებლობაშია".
"პრობლემა არის კანონებში და კანონის არარსებობაში. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს შესაბამისი მუხლები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელთა გამოყენების საფუძველზე შესაძლებელია მსგავსი ტიპის მოქმედებისთვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა, დამნაშავეების დასჯა და შემდგომი პრევენცია", _აცხადებს საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი.
მისივე თქმით, თუ კანონების პრაქტიკაში აღსრულება არ მოხდა, არანაირ კანონს აზრი არ ექნება.
"თუ ჩვენი სამართალდამცველები და სასამართლოები შეასრულებენ იმ კანონმდებლობას, რომელიც დღეის მდგომარეობით არსებობს საქართველოში, შესაძლებელია ამ ტიპის ინციდენტებზე დროული რეაგირება, დამნაშავეების გასამართლება და შემდგომი პრევენცია", _ აღნიშნავს ნაცვლიშვილი.




































































