26 მაისის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა შეკრებულებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
"98 წლის წინ ამ ადგილთან ძალიან ახლოს, რუსთაველის გამზირზე, პირველ ქართულ რესპუბლიკას საფუძველი ჩაეყარა, რომელმაც ბევრი თაობის ქართული ოცნება რეალობად აქცია და ოკუპაციის პირობებშიც კი ჩვენს ორიენტირად იქცა.
მაშინ მე-20 საუკუნის დასაწყისში, ქართულმა პოლიტიკურმა და სამხედრო ელიტამ ერთხმად გამოაცხადა, რომ აქ, ამ მიწაზე დემოკრატიული რესპუბლიკა შედგა. რესპუბლიკა, რომელიც დაეფუძნებოდა ადამიანის უფლებებს, ადამიანის თავისუფლებას ყველას თანასწორობას, რესპუბლიკა, რომელიც იბრძოლებდა მისი მოქალაქეების უსაფრთხოების და კეთილდღეობისთვის.
დღეს განსაკუთრებით მინდა მივესალმო ამ დიდებული დღის შემოქმედთა შთამომავლებს, რომლებიც აქ ჩვენთან ერთად იმყოფებიან _ ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, ჩხენკელის, ბერიშვილის და სხვა შთამომავლები.
25 წლის წინ აქვე პარლამენტის შენობის დარბაზში მორიგ ჯერზე დაგვჭირდა ქართული რესპუბლიკის გამოცხადება, რაც ადასტურებს, რომ ეს გზა არ ყოფილა ადვილი, ეს იყო ბრძოლის, ომის, თავგანწირვის, თავისუფალი საქართველოს იდეას შეწირული ბევრი თაობის მიერ გავლილი მძიმე გზა.
არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც კლავდნენ და არ კვდებოდა, ასე მიმართა 98 წლის წინ ქართველმა გენერალმა საქართველოს.
მე ვფიქრობ, რომ ეს სიტყვები მთელი საქართველოს ისტორიაა _ კლავდნენ და არ კვდებოდა და მაინც დგებოდა, თავისუფლებისთვის იბრძოდა, ეს დღე, 26 მაისი ჩვენია", – განაცხადა თინა ხიდაშელმა.