ბრიტანელი მომღერლის, რობი უილიამსის კონცერტისთვის მზადება დინამო არენაზე უკვე დასრულებულია. უილიამსის გამოსვლამდე საკონცერტო სცენაზე ბენდი უკრავს. შეკრებილი საზოგადოება შეძახილებით ამხნევებს გამომსვლელებს. უილიამსის გამოსვლის ზუსტი დრო ამ დრომდე უცნობია. მომღერალი გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.
ცნობისთვის, მომღერალი რობი უილიამსი საქართველოში 26 მაისს ჩამოვიდა.
როგორც მომღერალმა ქართველ ჟურნალისტებთან განაცხადა, საქართველოში გემოვნებიანი, პასუხისმგებლიანი და მომთხოვნი მსმენელი ცხოვრობს.
"ერთი სული მაქვს, მივიღო თქვენი სიყვარული. ამას ძალიან ველოდები. გთხოვთ, იყავით კეთილგანწყობილი ჩემს მიმართ, მე თქვენი სიყვარული მჭირდება. როგორც გავიგე, ასეთი მასშტაბური კონცერტი აქამდე არ ჩატარებულა. ვიცი კარგი პუბლიკის ფასი და იმედი მაქვს, რომ მზადყოფნაში ხართ," _ განაცხადა რობი უილიამსმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
ბრიტანელი მომღერალი საქართველოს პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში ესტუმრა. რობი უილიამსის კონცერტისთვის 37 ათასი ბილეთია გაყიდული.
Check in Georgia მთავრობის გადაწყვეტილებით ტარდება და ის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილ ყოველწლიურ ფესტივალებს აერთიანებს.
პროექტის ფარგლებში ჯამში 150-მდე ღონისძიება გაიმართება. მთავრობის განმარტებით ეს პროექტი საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას ემსახურება. Check in Georgia-ს ჩასატარებლად კატასტროფების სალიკვიდაციოდ არსებული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 29 მლნ ლარი გამოიყო. პროექტის ფარგლებში გაერთიანებულია სხვადასხვა სახის ღონისძიებები (26 მარტიდან 30 დეკემბრამდე) და ის საქართველოს რეგიონებსაც მოიცავს. სამინისტროს ცნობით, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 29 მილიონით ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის, MAROON 5, ხოსე კარერასისა და სხვა შემსრულებლების კონცერტები დაფინანსდება.
ამავე თემაზე:
რობი უილიამსის კონცერტის გამო ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი იცვლება
შსს რობი უილიამსის კონცერტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რა გაფრთხილებას აძლევენ მოსახლეობას რობი უილიამსის კონცერტისთვის