ლანჩხუთში ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემავალი ფრაქციის, "ქალები პოლიტიკაში" წევრი ქალბატონები სტუმრობდნენ. დეპუტატმა ქალბატონებმა ნონა მურვანიძემ, ელისო ჭიჭინაძემ და დარეჯან ბურჭულაძემ ბავშვთა სახლს საჩუქრად საკუთარი სახსრებით შეძენილი საოჯახო ნივთები მიუტანეს. საჩუქრებით კმაყოფილმა მასპინძელმა, ბავშვთა სახლის მენეჯერმა ლადო აფხაზავამ პოლიტიკოს ქალბატონებს გულითადი მადლობა მოახსენა, შემდეგ კი ბოსტანში მიიპატიჟა. მათ სამუშაო იარაღები გადაულოცა, პატარა ყანა გაათოხნინა, ჩითილებიც დაარგვევინა და მწვანილები სარეველებისგან გააწმენდინა.
"სარეველებისაგან გავწმინდეთ მწვანილები, დავრგეთ ბულგარული წიწაკის, ბადრიჯნის, ქონდრისა და რეჰანის ნერგები. გავთოხნეთ სიმინდი, მოვრწყეთ ნარგავები. დაღლილებმა სამახსოვრო სურათიც გადავიღეთ."-გვითხრეს
"პოლიტიკაში არ ვიცი, მაგრამ ,,ქალბატონები პოლიტიკიდან” ჩვენს ბოსტანში, მართლაც, შეუდარებელნი აღმოჩნდნენ. გამოგიტყდებით, რადგან ვიცოდი ქალბატონები ბავშვთა სახლში სტუმრობას გეგმავდნენ, წინასწარ შევიძინე სხვადასხვა ბოსტნეულის ნერგები და მართლა საქმის კეთება შევთავაზე პოლიტიკოს ქალბატონებს. ისინიც დამთანხმდნენ, ზედმეტი დებატების გარეშე", -გვითხრა მასპინძელმა, ლადო აფხაზავამ.
ბოსტანში გარჯის შემდეგ ქალბატონებს, მათივე უშუალო ჩართულობით, მიეცათ საშუალება ენახათ, თუ რა მეთოდებით და აქტივობებით ახდენს საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის მენეჯერი ბავშვთა ქცევის კორექციასა და მათში სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებას. აქტივობისას გუნდური ჩართულობით კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნა, რაც საბოლოოდ დედობილისა და ბავშვების გამარჯვებით დასრულდა, ხოლო დეპუტატებს სახლის მენეჯერმა რეფლექსიის დროს ურჩია- თუ ერთი ფრაქცია ხართ ურთიერთშეთანხმებულად ითამაშეთო.
ლანჩხუთელი პოლიტიკოსი ქალბატონები ლესის მცირე საოჯახო ტიპის სახლში სტუმრობით კმაყოფილები დარჩნენ და კვლავ მოსვლის პირობაც დადეს. რაზეც მასპინძლისგან პასუხიც მყისიერი იყო – "წვიმიანი ზაფხულია დაანონსებული შემოდგომამდე და სარეველებმა სწრაფად იციან ამოსვლაო."