საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატთა სიას აქვეყნებს.
საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსზე, 2016 წლის 3-30 მაისს, 131 კანდიდატი დარეგისტრირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აღნიშნული კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ფორმალური მხარის შემოწმება უკვე დაიწყო.
როგორც "გურია ნიუსს" იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განუცხადეს, ამჟამად სასამართლო სისტემაში სულ 65 ვაკანსიაა. თუმცა, რამდენი ადგილი შეივსება ამ ეტაპზე, კონკურსის დასრულებამდე უცნობია.
საბჭოში განმარტავენ, რომ თუ რომელიმე კანდიდატი მოსამართლედ ამ ეტაპზე ვერ შეირჩავა, მას აქვს უფლება განაცხადი საბჭოში კიდევ რამდენჯერმე შეიტანოს.
აღნიშნულ საკითხან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ "გურია ნიუსთან" ინტერვიუშიც ისაუბრა, და აღნიშნა, რომ მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის პროცესი, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები აპელირებენ, შეჩერებული არ არის.
მურუსიძის თქმითვე, ამჟამად სისტემაში 65 ვაკანტური ადგილია.
"პროცესი შეჩერებული ნამდვილად არ არის. პირიქით, არასამთავრობო სექტორი ითხოვდა მის შეჩერებას. კონკურსი გვაქვს გამოცხადებული, 65 ვაკანსია გვაქვს და 30-40 თუ დავნიშნეთ, კარგი იქნება. საბუთების მიღება უკვე დასრულებულია, ახლა იქნება გასაუბრების პროცესი და ამას რამდენი ხანი დასჭირდება არ ვიცი", _ განაცხადა მურუსიძემ "გურია ნიუსთან ინტერვიუში.