პარლამენტის სხდომის ამ კვირის დღის წესრიგში ხმების დათვლის გერმანული მოდელი აღარ იქნება. ამის შესახებ თავად მოდელი ინიციატორებმა, რესპუბლიკელებმა განაცხადეს. ლევან ბერძენიშვილმა პოზიცია სულ ცოტა ხნის წინ უმრავლესობის ბიუროს სხდომაზე დააფიქსირა.
"აზრი არ აქვს, თუ ვინმეს უნდა, რომ დრო სპეციალურად გავფლანგოთ – არა. სამწუხაროდ როგორც ირკვევა არავის არ აინტერესებს. არ აინტერესებთ და არ იქნება, პრობლემა არ არის. თავის თავს დააბრალოს ყველამ, როდესაც ის მოხდება, რაც მოხდება.
როდესაც ვიღაც აიღებს 20 %-ს და 80%-იანი უპირატესობით მოვა. თუ ვინმეს არ მოეწონება ჩვენ ვეტყვით, რომ ჩვენ ვთავაზობდით – ეს ასე არ მომხდარიყო, მაგრამ თქვენ არ მოგინდათ.
არ ვიცი, ვის რატომ არ მოუნდა, მგონი ვიღაცას შიდა პარტიული პრობლემები აქვს და ვერ უზრუნველყოფს პარლამენტში ხალხის მოყვანას და ამიტომ აცხადებს ბოიკოტს, მაგრამ ეს ჩვენი პრობლემა არ არის", – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია რესპუბლიკელების წევრმა ლევან ბერძენიშვილმა.