საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის აზრით, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის არსებობა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ჯანსაღი საარჩევნო გარემოსა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისავის.
გიორგი მარგველაშვილის პოზიცია მედიის წარმომადგენლებს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გააცნო.
როგორც მიშველაძემ აღნიშნა, ამ თემაზე ანალოგიური დამოკიდებუილებაა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც.
"პრეზიდენტის ყველა შეხვედრაზე სტრასბურგსა და ბრიუსელში "რუსთავი 2"-ის თემა იყო ინტერესის საგანი. პრეზიდენტი თვლის, რომ ის, რაც ხდება "რუსთავი 2"-ის გარშემო ამძაფრებს კითხვის ნიშნებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. პრეზიდენტის აზრით, არჩევნებამდე "რუსთავი 2"-ის მფლობელთა შეცვლა დამაზიარებელი იქნება როგორც საარჩევნო გარემოს, ასევე არჩევნების პროცესის შეფასების თვალსაზრისით.
რა თქმა უნდა, ქვეყნის პერზიდენტისთვის მნიშვნელოვანია კერძო საკუთრების დაცვა, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობა, თუმცა პრეზიდენტის აზრით, ეს პროცესი პირველი დღიდან იყო პოლიტიზირებული, თუნდაც იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა პოლიტიკური განცხადებები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს. პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა მხარეს გაითვალისწინონ ამ პროცესის შედეგები და მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდოს მედიასთან დაკავშირებულ თემატიკას", _ აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ.