დღეს საფრანგეთში მიმდინარე ფეხბურთელთა ევროპის პირველობაზე, კონტინენტის ამჟამინდელი გამარჯვებული ესპანეთის ეროვნული გუნდი, ქალაქ ტულუზაში ჩეხეთს დაუპირისპირდება.
ამ შეხვედრის წინ გამოცემა goal.com იტალიელ მოთამაშე მარიო ბალოტელის დაუკავშირდა და მიმდინარე ჩემპიონატში ესპანეთის ეროვნული გუნდის დახასიათება სთხოვა. „სუპერმარიომ“ არ დაიზარა და საფეხბურთო ვებგვერდის წარმომადგენლებს საკუთარი აზრი გააცნო.
"ესპანეთი ესპანეთია და ამ გუნდს განსაკუთრებული რეკლამა არ ესაჭიროება. ნებისმიერი მეტოქისთვის ის ყოველთვის უხერხული მოწინააღმდეგეა, არ აქვს მნიშვნელობა გუნდი როგორ სპორტულ ფორმაში იმყოფება. ვისენტე დელ ბოსკემ მიმდინარე პირველობისთვის დიეგო კოშტა და ფერნანდო ტორესი სახლში დატოვა. ამის გამო მწვრთნელს დიდი კრიტიკა დაატყდა. მინდა ამ ხალხს შევახსენო რომ წინა ჩემპიონატზე ესპანელთა მთავარი დამრტყმელი ძალა სესკ ფაბრეგასი გახლდათ. სესკი საფრანგეთშიც იასპარეზებს. მიმაჩნია რომ ტორესისა და კოშტას არ ყოფნა ესპანელებს განსაკუთრებულ პრობლემებს არ შეუქმნის.
კიდევ რა გითხრათ. ძალიან მომწონს დავიდ სილვა, რომელსაც ლეო მესისაც კი შევადარებდი. გირჩევთ ყურადღება ალვარო მორატას მიაქციოთ. ამ ბიჭის დიდი თაყვანისმცემელი გახლავართ და მჯერა, მიმდინარე ჩემპიონატზე არაერთ დასამახსოვრებელ შეხვედრას ჩაატარებს.
ალბათ ჩემი პროგნოზები გაინტერესებთ. მიუხედავად საკადრო სიძნელეებისა ესპანეთის ეროვნულ გუნდს პირველობის მოგება შეუძლია, მას ზურგს უდიდესი გამოცდილება და შესანიშნავი მწვრთნელი უმაგრებს. რასაკვირველია ფავორიტთა რიცხვში საფრანგეთი, გერმანია და რასაკვირველია იტალიაც უნდა შევიყვანოთ", – განაცხადა მარიო ბალოტელიმ.