"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრად ცნეს, საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს და მერაბიშვილი პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.
"საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება პირველია, როდესაც ევროპულმა სასამართლომ დადგინა, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმარი გვყავს. ესაა ევროკონვენციის ყველაზე იშვიათი, მე-18 მუხლი. სულ ამგვარი საქმე ექვსია და ვანო მერაბიშვილი მე-3 პოლიტიკოსია იულია ტიმოშენკოსა და იური ლუცენკოსთან ერთად, რომელზეც სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. პრაქტიკულად ვანო მერაბიშვილის პირველი თავისუფლების შეზღუდვა სასამართლოს განმარტებით, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით ემსახურებოდა არა ევროკონვენციის მიზნებს, არამედ პოლიტიკურ მიზნებს და სასამართლო ამაში საბოლოოდ დაარწმუნა იმან, რომ ვანო მერაბიშვილის გაყვანა ციხიდან მასზე ზეწოლის განხორციელების მიზნით გამოუძიებელი დარჩა.
ესაა სიგნალი ხელისულფებისთვის, რომ მათ დაუყოვნებლივ მიიღონ ყველანაირი ზომა საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პოლიტპატიმარი ვანო მერაბიშვილი.
მინდა ხელისუფლებას შევახსენო, რომ გასულ თვეს, როდესაც აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამოვიდა მე-18 მუხლის დარღვევა, დილით გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებას შუადღეს მოჰყვა პრეზიდენტის რეაქცია და პატიმარი ჯახაროვი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა.
მოვუწოდებ ხელისუფლებას, იზრუნოს საქართველოს სახელმწიფოს იმიჯზე, საქართველოს კონსტიტუციაზე, კონსტიტუციურ უფლებებზე და ვანო მერაბიშვილი გაათავისუფლონ. მისი პატიმრობის ყოველი საათი საქართველოში ოფიციალური პოლიტპატიმრის ყოფნას ნიშნავს. ეს დაადგინა უკვე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ. ესაა ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება."-განაცხადა კახიძემ პრესკონფერენციაზე.
შემდეგი პრესკონფერენცია ამ საკითხთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში 15 საათზეა დანიშნული.