დღეისთვის, ოზურგეთში ერთი კილოგრამი თხილის ფასი ორ ლარამდე დაეცა. ეს არის მინიმალური ფასი დღეის მდგომარეობით. თუმცა, თხილის მიმღებ პუნქტებში გვეუბნებიან, რომ არც ამ ფასად იბარებენ.
"დღეს ერთი კილოგრამი "ბერძნულა" 3 ლარი ღირს, "გულშიშველა" კი – 2 ლარი. თუმცა, ამ წუთში ამ ფასში მიღებაც შეჩერებული გვაქვს, რადგან წამღები არავინაა. რა ვიცი, რა ეშველება ხალხს, ბევრს აქვს შენახული ხარისხიანი და კარგი თხილი, ფასის მომატებას ელოდნენ და სულ უკან მიდის საქმე,"– გვითხრეს თხილის მიღება-ჩაბარებაზე მომუშავე ქალბატონებმა.
ზოგადად კი, თხილის მიმღებთა კეთილსინდისიერ მუშაობაზე აქცენტს აკეთებენ რიგითი მოქალაქეები და ამბობენ, რომ თუ წელსაც გამეორდება ცუდი, უხარისხო თხილის ხარისხიანში არევა, უარესი ამბავი იქნება.
"ფასი კაცსაც და თხილსაც მაშინ დაედება, თუ წესიერად იმუშავებენ და შარშანდელივით ნაწვიმარ "ნაგერას" არ აურევენ ერთმანეთში ჯიბის გასასქელებლად. რა უნდა იმის გაკონტროლებას, რომ უხარისხო და დამპალი თხილი არ მიიღონ? დაობებულ და გაფუჭებულ პროდუქტს ხომ არავინ იყიდის მაღაზიაში? აბა გაფუჭებულ თხილს რომ იბარებს ვიღაც, ესე იგი უღირს რაღაცის გამო , ხომ? ამიტომ "ზემოთ" არის ძაღლის თავი დამარხული და არა გლეხში," _ გვეუბნება ოზურგეთელი მზია მჟავანაძე.
როგორც ცნობილია, მთავრობამ უკვე მიიღო რეგულაცია, რომლის თანახმად თხილის ჩაბარების დროს მოხდება კონტროლი, რაც მრავალწლიან პრობლემას აუცილებლად მოხსნის.