სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მცენარეთა დაცვის სპეციალისტები გურიის რეგიონში საშიში მავნებლის – არაფარდი პარკხვევიას (Ocneria dispar L) საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებენ. სააგენტოში აცხადებენ, რომ არამდგრადმა ამინდებმა მავნებლის გააქტიურება გამოიწვია.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოპერატიულად მიიღო შესაბამისი ზომები და ქიმიური წამლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო. 200 ჰექტარი ფართობი თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება, რაც ადამიანისა და გარემოსთვის სრულიად უსაფრთხოა. მავნებლის სალიკვიდაციო სამუშაოები 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
არაფარდი პარკხვევია ფოთლოვანი ტყის მავნებლად ითვლება, თუმცა, არანაკლები ინტენსივობით აზიანებს ხეხილსა და დეკორატიულ მცენარეებს, საკვების ნაკლებობისას კი წიწვოვან და თავთავიან კულტურებზეც გადადის. მასობრივი გამრავლების შემთხვევაში შესაძლოა, მათი გახმობაც გამოიწვიოს.