ლანჩხუთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გამგეობის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, გოგი ფაცურიამ დეპუტატებს განსახილველად და შემდგომ დასამტკიცებლად წარუდგინა საკითხი "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად ადგილების გამოყოფის შესახებ". საკითხის განხილვას საკრებულოს წევრთა მხრიდან დიდი სჯა-ბაასი არ მოჰყოლია და სხდომათა დარბაზში მყოფმა 25 დეპუტატმა ახალი განკარგულების დამტკიცებას მხარი ერთხმად დაუჭირა.
საკრებულოს მხრიდან მიღებული დღეს დამტკიცებული განკარგულება შესაბამისობაშია საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 61-ე მუხლის პირველსა და მეორე ნაწილთან, ასევე საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლთან.
გამგეობის მხრიდან გაკეთებული განმარტების თანახმად, აღნიშნული საკითხი საკრებულოში ადგილობრივმა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ განსახილველად იმ მოტივით შეიტანა, რომ გაცილებით მიზანშეწონილია ნაცვლად ორი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტისა, ერთი სამართლებრივი აქტით მოხდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო-სააგიტაციო მასალების როგორც განთავსების, ისე რიგ შენობებზე მათი გაკვრის აკრძალვის დარეგულირება.
მოკლედ, პარტიებს საარჩევნო-სააგიტაციო მასალების გაკვრა თავისუფლად შეეძლებათ სკვერებში, მოსაცდელებსა და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ელექტრობოძებზე. როგორც ირკვევა, საარჩევნო-სააგიტაციო მასალების განთავსება იკრძალება ლანჩხუთის ტერიტორიაზე მდებარე ბაგა-ბაღების, საკულტო, კულტურული მემკვიდრეობისა და ა(ა)იპ-ების შენობებზე. ასევე, აკრძალვა ვრცელდება სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოს შენობების ინტერიერსა და ექსტერიერზეც.