გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების მომხრეა, მაგრამ ასევე აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი შესაძლოა უკავშირდებოდეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას უკრაინაში. აღნიშნულ ინფორმაციას UATODAY ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, უკრაინამ ევროკავშირს მიმართა, რომ ვიზა ლიბერალიზაცია მასზე ადრე საქართველოს არ მისცეს.
როგორც ცნობილია, სამხრეთ კავკასიამ და უკრაინამ ევროპაში ვიზალიბერალიზაციის მისაღებად საჭირო კრიტერიუმები დააკმაყოფილეს, მაგრამ ბერლინმა მოულოდნელად გადაწყვეტილების დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ახალი წესებისა და რეგულაციების შემდეგ უნდა მოხდეს, რომელიც ძალადობრივი ქმედებების შემთხვევაში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ადვილად შეძლებს.
"გვინდა, რომ ეს პროცესი სწრაფად მოხდეს. ეს არის ახლა ევროპარლამენტის მიზანი,"_განაცხადა მერკელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლებელია ლიდერები საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭებაზე შეთანხმდნენ.
"ვიმედოვნებ, რომ შეგვიძლია შევთანხმდეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის სწრაფად მინიჭების შესახებ,"_აცხადებს მერკელი.
როგორც ცნობილია, ევროპელ დიპლომატებს სურთ, რომ უკრაინამ და რუსეთმა მინსკის ხელშეკრულება შეასრულონ, გარდა ამისა, გერმანია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისგან თავს ორგანიზებული კრიმინალური დანაშაულების გამო იკავებს, ხოლო საფრანგეთი მიიჩნევს, რომ უვიზო რეჟიმის მიცემით შესაძლებელია ტერორიზმის ახალი საფრთხეები შეიქმნას.