ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ერთხმად დაუჭირეს მხარი. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ლუქსემბურგში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ განვიხილეთ საქართველოსთვის ვიზალბიერალიზაციის დაწესების საკითხი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის ჭრილში. ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ ნათლად დაადასტურა, რომ უდავოდ, საქართველომ შეასრულა ყველა პირობა", – აღნიშნა მოგერინიმ.
მისი თქმით, ახლა ნიდერლანდებმა, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხი უნდა შეიტანოს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER) უახლოესი სხდომის დღის წესრიგში.
"ყველა წევრმა სახელმწიფომ დაადასტურა, რომ საქართველომ კარგი სამუშაო შეასრულა, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა დაფასდეს", _ განაცხადა მოგერინიმ.