ინფორმაცია, იმის შესახებ თითქოს შვეიცარიაში მაკდონალდსის ქსელის ყველა რესტორანი დაიხურა, მცდარია, _ამის შესახებ კვლევას "მითების დეტექტორი" ავრცელებს.
"18 ივნისს, გამოცემა "ბანკები და ფინანსების" ვებ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, თითქოს შვეიცარიაში მაკდონალდსის ქსელის ყველა რესტორანი დაიხურა მას შემდეგ, რაც "ევროკომისარმა სოფლის მეურნეობის საკითხებში დაჩან ჩოლოშმა ევროპის ბევრი ქვეყნიდან მიიღო 120-ზე მეტი განცხადება, საკანონმდებლო დონეზე აკრძალონ ფასტფუდები". პუბლიკაციაში საუბარია ასევე იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში უკანასკნელ პერიოდში ამ მხრივ არსებულ პრობლემებზე. გამოცემა შვეიცარიაში მაკდონალდსის რესტორნების ქსელის დახურვის პირველწყაროდ უთითებს The Georgian Time-ს, თუმცა ბმულზე გადასვლისას სტატია სათაურით "შვეიცარიაში "მაკდონალდსის" ქსელის უკლებლივ ყველა რესტორანი დახურეს" აღარ იხსნება.
გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და ის რუსულ წყაროებს ეფუძნება, რასაც შემდეგი გარემოებები ცხადყოფს:
-
მაკდონალდსის ქსელი შვეიცარიაში დღემდე ფუნქციონირებს, რასაც აღნიშნული ქსელის ვებ-გვერდიც მოწმობს.
-
შვეიცარია ევროკავშირის წევრი ქვეყანა არაა. ამბის მიხედვით, ქვეყანაში მას შემდეგ აიკრძალა სწრაფი კვების ობიექტები, რაც ევროკომისარმა სოფლის მეურნეობის საკითხებში 120-ზე მეტი განცხადება მიიღო. არაწევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ევროკავშირის იურისდიქცია არ ვრცელდება.
-
სტატიაში მითითებული ევროკომისარი სოფლის მეურნეობის საკითხებში დაჩიან ჩოლოში აღნიშნულ პოსტს 2014 წლიდან აღარ იკავებს. ამჟამად სოფლის მეურნეობის საკითხებს ევროკომისარი ფილ ჰოგანი კურირებს. დაჩიან ჩოლოში კი აღნიშნულ თანამდებობას. 2010-2014 წლებში იკავებდა.
-
მსგავსი ინფორმაცია რუსულ სოციალურ ქსელსა და მედიაში 2012 წლის 21 მარტს გავრცელდა და გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე ცნობილი გახდა, რომ იგი არაზუსტი იყო.ონლაინ გამოცემა pravda.ru -ს ინგლისურენოვანმა ვერსიამ, 2012 წლის 21 მარტს გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარია ევროპის ქვეყნებში სიმსუქნის პრობლემის შესახებ ვითარებასა და ზოგიერთი ქვეყნის (დანია, საფრანგეთი) მიერ გატარებულ საგადასახადო რეგულაციებზე, რომლებიც მიმართული იყო ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტების გაძვირებისკენ. მასალის გამოქვეყნებიდან 1 დღის შემდეგ pravda.ru -ს ფეისბუქის გვერდზე, გაჩნდა ჩანაწერი, რომ სტატიაში მოყვანილი ფაქტი, თითქოს შვეიცარიის მთავრობა აპირებდა მაკდონალდსის ქსელის ყველა რესტორნის დახურვას, მცდარი იყო. რედაქციამ ბოდიში მოუხადა მკითხველს და მიუთითა, რომ სტატიიდან არასწორი ფაქტის შემცველი ნაწილი წაშალა. მიუხედავად ამისა, მასალა რუსულ სოციალურ ქსელსა და ვებ-გვერდებზე რეალური ფაქტის სახელით გავრცელდა. წაშლილი სტატიის ნაწილის ხილვა სწორედ ამგვარ პუბლიკაციებშია შესაძლებელი.
-
ბანკების და ფინანსების მიერ გავრცელებული მასალის ბოლოს მტკიცების სახით მოყვანილი ინფორმაცია, თითქოს "ამგვარი სკანდალების შემდეგ, ევროპამ უარი თქვა, ყოფილიყო ტოლერანტული ყველანაირი საკვების მიმართ და წამოიწყო ჯანსაღი კვების მოძრაობა "Slow Food" – არასწორია.
‘Slow Food" ჯერ კიდევ 1989 წელს დაარსებული გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც ადგილობრივი კვების ტრადიციებისა და კულტურის გაქრობის წინააღმდეგ იბრძვის, იგი მსოფლიოს 160 ქვეყანაში მოქმედებს ევროპის ჩათვლით, ხოლო შვეიცარიაში 1993 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ იგი დაფინანსებას იღებს ევროკავშირისგანაც.
რუსეთის პრაქტიკა
2014 წლის აგვისტოში რუსეთის მომხმარებელთა უფლებებისა და კეთილდღეობის ფედერალური საზედამხედველო სამსახურის "როსპოტრებნადზორის" და შემდგომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მაკდონალდსის ქსელის 12 მდე რესტორანი დაიხურა.
მანამდე "როსპოტრებნადზორმა" საქართველოდან ღვინის, ხოლო ბელორუსიიდან რძის პროდუქტების შეტანა აკრძალა. 2014 წლის ზაფხულში შეიზღუდა ხილის, ბოსტნეულის, თევზეულის და ალკოჰოლური ნაწარმის შეტანა უკრაინიდან. 2014 წლის აგვისტოში აიკრძალა ხორცის, თევზის, შინაური ფრინველების და რძის პროდუქტების შეტანა აშშ-დან, კანადიდან, ავსტრალიიდან, ნორვეგიიდან და ევროკავშირიდან ამ ქვეყნების მიერ რუსეთისთვის უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო დაწესებული ეკონომიკური სანქციების საპასუხოდ.
ამავე სანქციების ნაწილი იყო 2015 წლის აგვისტოში, პრეზიდენტ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც იმპორტირებული პროდუქცია, რომელიც რუსეთზე სანქციების დამწესებელი ქვეყნებიდან შემოდის, ექვემდებარება განადგურებას.
2016 წელს, კოკა-კოლამ რუს მომხმარებელს სოციალური მედიაში გამოქვეყნებული სურათით (VKontakte) ახალი წელი მიულოცა, რასაც პასუხად ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსისა და მომხმარებლის გაღიზიანება და კრიტიკა მოჰყვა, რადგან რუკაზე ყირიმი, როგორც რუსეთის შემადგენელი ნაწილი არ იყო დატანებული. მოგვიანებით კოკა-კოლამ შეცვალა რუკა, რამაც თავის მხრივ უარყოფითი რეაქცია უკრაინაში გამოიწვია. საბოლოოდ, კორპორაციამ სურათი სოციალური ქსელიდან წაშალა", _ აღნიშნულია კვლევაში.