ორგანიზაცია Transparify-მ, რომელიც მესამე წელია აქვეყნებს შედეგების შემცველ ანგარიშებს, ფინანსურად გამჭვირვალე ორგანიზაციები დაასახელა.
2016 წლის ანგარიშში 47 ქვეყნის 200 ანალიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციაა (think tank) შესული.
Transparify სწავლობს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას დაფინანსების შესახებ და გამჭვირვალობის ხარისხის მიხედვით მათ აფასებს 5 ქულიანი სკალით (სადაც „5“ „ყველაზე გამჭვირვალეს“ ნიშნავს).
უმაღლესი ქულის მქონე შვიდი ქართული ორგანიზაციიდან სამი გასული წლის ანგარიშშიც მოხვდა და იგივე შეფასება ჰქონდა მიღებული:
-
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
-
ჯამპსტარტ ჯორჯია (Jumpstart Georgia)
-
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI Georgia)
ორმა ორგანიზაციამ 2 ქულით გააუმჯობესა წინა წლის მაჩვენებელი და წელს უმაღლესი ქულა დაიმსახურა:
-
მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD)
-
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი (ISET)
ხოლო დანარჩენი ორი ორგანიზაცია Transparify-ის ანგარიშში ოფიციალურად პირველად წელს მოხვდა:
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ Transparify-მ IDFI-ს გასულ წელს (2015) ოფიციალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ჩატარებული დამატებითი შეფასების ფარგლებში უმაღლესი ქულა მიანიჭა. დამატებითი შეფასება კი ჩატარდა მას შემდეგ, რაც IDFI-მ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავად გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიეღოთ ფინანსური გამჭვირვალობის რეიტინგში.
ზოგადი შედეგების მიხედვით, საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე პოზიცია უჭირავს ანალიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის მხრივ, რადგან კვლევაში შეფასებული ათი ქართული ორგანიზაციიდან შვიდმა მაქსიმალური ქულა მიიღო.
წლევანდელი კვლევის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი ანალიტიკური ორგანიზაციების თითქმის ნახევარი ამჟამად გამჭვირვალეა. ეს ორგანიზაციები საკუთარ ვებგვერდებზე აქვეყნებენ დონორების ჩამონათვალს და ინფორმაციას, თითოეული დონორისგან მიღებული დაფინანსების ოდენობის შესახებ.
კვლევის მიხედვით, 2016 წელს 2015 წელთან შედარებით გაუმჭვირვალე ანალიტიკური ორგანიზაციების რიცხვი 144-დან 102-მდე შემცირდა.