ასპროცენტიანი მხედველობით ბევრი ვერ დაიკვეხნის. ფიზიკური გადაღლა, კომპიუტერთან და ტელევიზორთან დიდხანს ჯდომა, ალკოჰოლი, სიგარეტი, უძილობა – ეს ყველაფერი თვალებს აზიანებს და მხედველობაზე ნეგატიურად აისახება. ამას ემატება მემკვიდრეობითი ფაქტორი, ტრავმები და სხვა, რომლებიც ასევე ახდენს ზემოქმედებას მხედველობაზე.
ასაკის მატებასთან ერთად მხედველობაც სუსტდება. თუ თქვენ რისკის ჯგუფს მიეკუთვნებით, მტკივნეულად რეაგირებთ შუქზე, თვალები გეცრემლებათ, სწრაფად გეღლებათ, მაშინ უნდა ივარაუდოთ, რომ თქვენს ორგანიზმში რაღაც დარღვევაა, არ გყოფნით ვიტამინების მარაგი და მიკროელემენტები.
მხედველობის შესუსტებისას აუცილებლად უნდა შეიტანოთ კვებით რაციონში A, B1, B2, ჩ და E ვიტამინების შემცველი პროდუქტები. კომპლექსური, სწორი და ხარისხიანი კვების დროს არ არის აუცილებელი დამატებითი ვიტამინური პრეპარატების მიღება. უმჯობესია, ვიტამინები ნატურალური სახით მიაწოდოთ ორგანიზმს. მაგალითად:
ვიტამინ A-ს შეიცავს ნესვი, სტაფილო, პომიდორი, სალათის ფოთლები, მწვანე ბარდა, ხახვი, ხაჭო, ძროხის ღვიძლი, კარაქი, ნაღები, ყველი.
ვიტამინ B1 შეიცავს: ბარდა, სოკო, ღვიძლი, თირკმელები, ნიგოზი, ბულგარული, ანუ ტკბილი წიწაკა, ნიორი, ქათმის ხორცი, რძის მჟავე პროდუქტები.
ვიტამინ B2-ს შეიცავს: რძე, ყველი, ხაჭო, კვერცხი, ძროხის, ღორისა და ქათმის ხორცი, თევზი, ბარდა, ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბანანი, მწვანე ხახვი, კამა.
C ვიტამინს შეიცავს: ასკილი, შავი მოცხარი, ქაცვი, ოხრახუში, კამა, კარტოფილი, კომბოსტო, ციტრუსები.
E ვიტამინს შეიცავს: სოია, სიმინდი, მზესუმზირის ზეთი, ხორბალი, შვრია, ჭვავი.
მხედველობის შესუსტების დროს, რაც შეიძლება ხშირად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში ის პროდუქტები, რომლებიც ზემოთ არის ჩამოთვლილი.