"ძროხის მოწველის სცენა იცით? უნდა იცოდეთ" "ქათმებისთვის სიმინდის დაყრის სცენა იცით? უნდა იცოდეთ. საჭიროა ექვსზე ადგე, ქათმებს უკვე ღვიძავთ და წრიალებენ. საქათმეს გააღებ და თუ დგომის ტექნიკა არ გაქვთ შესწავლილი, სახეში შემოგაფრინდებიან. ისიც ოსტატობის საკითხია, სად უნდა დაყარო, ერთად რომ შეგროვდნენ და დათვალო. ,"ხომ არ მეიპარა რომელიმე ღამე რაცხა მოსასპობელმა"’. ეს რაცხა მოსასპობელი ან სინდიოფალაა, ან ვირთხა, ან მეზობლის ძაღლი ან შეიძლება თვითონ რომელიმე მეზობელი.
ძროხის მოწველის სცენა იცით? უნდა იცოდეთ. ღამით ძროხა რომ დაბრუნდება და თუ არ დაბრუნდა, მოძებნით და დააბრუნებთ, ბებიაჩემი ან მამაჩემი იღებს რძეის ვედრას და მივყვები საძროხისკენ, რომელსაც სხვაგვარად ეწოდება ახორი. იქ ოსტატობა არ კმარა, საქმე დიდოსტატობას ითხოვს. ჯერ ერთი, საძროხეში ბნელა და თუ ანათებს, მხოლოდ რძე. მეორეც ცურებს ისე უნდა მოუნაცვლო, ძროხა არ შეწუხდეს და წიხლით არ გამოხატოს ეგ წუხილი. ამიტომაც მე გარეთ ვდგვარ. მხოლოდ ჩხრიალის ხმა მესმის. და თუ მთვარეა, მთვარეს ვუყურებ და ასე მგონია, მთვარე იწველება. დიდი, სავსე მთვარე. გაუგებარი სიხარულით სავსე მთვარე".
გიორგი კეკელიძე
"გურული დღიურები"