ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საშტატო ნუსხის ზრდის თაობაზე დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას ლანჩხუთის საკრებულოს ექვსმა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა.
საკითხი განსახილველად დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე იურიდიული სამსახურის უფროსმა შოთა ჩაგუნავამ წარმოადგინა, რომლის განმარტებითაც, ფუნქციების უკეთ განსახორციელებლად, იურიდიულ სამსახურში მიზანშეწონილია ერთი საშტატო ერთეულის დამატება, რომელსაც სასამართლოებთან წარმომადგენლობა დაევალება.
საგულისხმოა, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ გამგეობაში რეორგანიზაცია განხორციელდა და შტატების შემცირების გამო იურიდიულ სამსახურიდან წასვლა მოუწია მთავარ სპეციალისტს იზაბელა აბშილავას, რომელიც სწორედ სასამართლო დავებს კურირებდა.
ამ ეტაპზე იურიდიულ სამსახურში სამი საშტატო ერთეულია – სამსახურის უფროსისა და ორი მთავარი სპეციალისტის პოსტზე. აქედან ერთ-ერთი, მაია ჩხაიძე კუთვნილ შვებულების ხარჯზე საოლქო კომისიაშია დასაქმებული.
"შემოდიხართ საშტატო ერთეულის მატების მოთხოვნით, ამ დროს კი თქვენი თანამშრომელი საოლქო კომისიაშია მივლინებული და იქ ქართული ოცნების" ინტერესებს იცავს. სხვა რომ მიეყვანათ ოლქში არა?! მაინცადამაინც ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს ზედმეტი თანხები. თუკი საქმე თავზესაყრელად გაქვთ და თანამშრომელი არ გყოფნით, რატომ გაუშვით ის შვებულებაში. ითხოვთ საშტატო ერთეულის გაზრდას ამ დროს კი თქვენი სამსახურის ერთი წევრი ოთხი–ხუთი თვე საოლქოში იმუშავებს. ამ საკითხით ახალგაზრდა იურისტები დაინტერესდებიან", _საკითხის გაცნობის შემდეგ მიმართა შოთა ჩაგუნავას საკრებულოს წევრმა კახა ასკურავამ.
თავად გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი კი, საშტატო ერთეულის გაზრდასა და თანამშრომლის შვებულებაში გასვლას შორის ურთიერთკავშირს ვერ ხედავს და აქვე ასკურავას მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ახსენებს:
"ბატონო კახა, თქვენ რომ გამგებლის მოადგილე იყავით, იურიდიული სამსახურიდან მაშინაც მიდიოდა თანამშრომელი საოლქოში", _განაცხადა ჩაგუნავამ.
საპასუხოდ კი ყოფილმა მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ მაშინ ამის გამო შტატები არ იზრდებოდა.
საბოლოოდ კენჭისყრისას საკითხის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას საკრეულოს ორი ფრაქციის: „ლანჩხუთი -ევროატლანტიკური მომავლისთვის" და "მეტი ქალი პოლიტიკაში" წევრმა ქალბატონებმა მხარი არ დაუჭირეს.