საკითხი არ დგას ისე, ექნება თუ არა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, არამედ ერთადერთი შეკითხვაა, როდის? – ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ქართველ კოლეგა, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შტაინმაიერის ვარაუდით, პროცესი, რომელიც ევროკავშირის დღის წესრიგითაა განსაზღვრული, ”უახლოესი კვირების” განმავლობაში დასრულდება.
”რა თქმა უნდა, ვიცი, რომ საქართველოში უდიდესი მოლოდინია ვიზალიბერალიზაციის მიმართ. მინდა ცალსახად გითხრათ, რომ ამ ძალიან დიდ და ხანგრძლივ პროცესში საქართველომ უდიდესი ნაბიჯები გადადგა წინ. ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ თბილისში, საკითხი არ დგას ისე, იქნება თუ არა ვიზალიბერალიზაცია, არამედ ერთადერთი საკითხია – როდის?”, – განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შტაინმაიერმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია პრევენციული ზომების მიღებაც, რაც უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შემოღებას გულისხმობს.
”ჩვენ უნდა გვქონდეს განსაკუთრებული პრევენციული ზომები, რათა მექანიზმი ამოქმედდეს ქმედითად – იყოს შეჩერების მექანიზმი, რომელიც ევროპარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს. მე ვფიქრობ, უახლოესი კვირების განმავლობაში დასრულდება ეს პროცესი. ყოველშემთხვევაში საკონსულტაციო პროცედურა გრძელდება”, – აღნიშნა შტაინმაიერმა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს სამუშაო ვიზიტით დღეს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს.
ამასთან, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა გერმანელი ბიზნესმენების მონაწილეობით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პირველი ვიცე პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
საქართველოში სამუშაო ვიზიტის პარალელურად, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის გახსნის ცერემონიალშიც მიიღებს მონაწილეობას.