გიგი წერეთელს ყველაზე დიდი პრობლემა აქვს რუსეთის დელეგაციის მხრიდან მხარდაჭერის სახით და ყველაზე დიდი კოზირი უჭირავს "ქართული ოცნების" მხრიდან ასეთი წინააღმდეგობის სახით, _ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიგი წერეთლის კანდიდატურის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ თემაზე ნებისმიერი კომენტარი იქნება ჩართვა იმ ტიპის კამპანიაში, რომელსაც მან "სამარცხვინო უწოდა".
"მე სამარცხვინო ვუწოდე იმას, რაც ეუთო-ს საპარალმენტოს ასამბლეის თავმჯდომარის არჩევნასთან დაკავშირებით ხდება, თუმცა შემდგომ კოლეგებმა "ქართული ოცნებიდან" მიმითითეს, რომ არ იყავი სწორი, როდესაც ამ მოვლენებს ”სამარცხვინო” უწოდეო. მე ვაღიარებ რომ არ ვიყავი სწორი – მართლაც შევცდი, რადგან რაც დრო გავიდა, ვხედავ, რომ ეს მოვლენები არის არა მარტო სამარცხვინო, არამედ თავისმომჭრელი, პოლიტიკური მაზოხიზმის ნიშნების შემცველი და კიდევ ათასი უბედურება, ამიტომ არ მინდა იმაში ჩავერთო, რაც ხდება. დიახ, ეს არის სამარცხვინო", _ განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში უმაღლეს დონეზე ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რისთვისაც იშრომა საქართველოს პარლამენტისა და ბევრი სხვა უწყების თანამშრომლებმა.
უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს დელეგაციამ ამ ასამბლეაზე წარადგინა უპრეცედენტოდ მკვეთრი და მკაფიო რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
"მე ყველას მოვუწოდებდი, რომ ამ თემებზე მეტი ყურადღება გავამახვილოთ, ვიდრე ჩვენი შიდა პრობლემები თავსმოვახვიოთ 56 ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენ გვთვლიან ევროპული ოჯახის წვერობისთვის ღირსეულ ქვეყნად და ამ ქვეყნებში მაინცდამაინც არ არის მიღებული შიდაპოლიტიკური პროცესების საერთაშორისო არენაზე გატანა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩევაზეა საუბარი. ჩვენ საქართველოს ხელმძღვანელს ხომ არ ვირჩევთ, აპელირება რომ გავაკეთოთ იმაზე, ქართველებისთვის რა იქნება კარგი და ცუდი? – აქ ჩვენ ვირჩევთ საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ის არგუმენტები, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მოიტანა და კოლეგებს განცხადების სახით შესთავაზა, არის კონტრპროდუქტიული. მე თუ მკითხავთ, გიგი წერეთელს არჩევნების პროცესში ყველაზე დიდი პრობლემა აქვს რუსეთის დელეგაციის მხრიდან მხარდაჭერა და ყველაზე დიდი კოზირი უჭირავს "ქართული ოცნების" მხრიდან ასეთი წინააღმდეგობის სახით, ამიტომ ცოტა ღრამდ დაუკვირდეს ყველა და განცხადება ისე გააკეთოს", _განაცხადა უსუფაშვილმა.