თბილისის მერია ავტობუსების პარკის განახლებისთვის 27 მილიონი ევროს ოდენობის სესხს აიღებს.
თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა თბილისში ავტობუსების პარკის განახლების თაობაზე სესხის აღებას მხარი დღეს დაუჭირეს. კერძოდ, სესხის ფინანსთა სამინისტრო იღებს და თბილისის მერიას აძლევს.
სესხის მოცულობა 27 მილიონი ევროა, რომელიც მიზნობრივი დაფინანსებაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ და თბილისის მუნიციპალიტეტში ახალი ავტობუსების შეძენის პროექტის განხორციელებას მოხმარდება.
როგორც თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ, განაცხადა, გამარჯვებული კომპანია მომავალი კვირის სამშაბათს დასახელდება.
"ჯამში 34 მილიონი ევროა განსაზღვრული თბილისში ახალი ავტობუსების შეძენისთვის. ყველა პროცესი დასრულებულია და სამშაბათს გამარჯვებულ კომპანიას გამოაცხადებენ. ავტობუსები ადაპტირებულია. არის 12 მეტრიანი და 150 ერთეული. ისინი სექტემბრის ბოლოდან განრიგის მიხედვით გამოჩნდებიან ქალაქში", _ აღნიშნა ლექვინაძემ
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის შესახებ "გურია ნიუსი" ადრეც წერდა. ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში – 37-მილიონიანი ტენდერი კითხვის ნიშნის ქვეშ – იხდის თუ არა თბილისის მერია 11 მილიონით მეტს აღნიშნულია, რომ ტენდერში სულ 7 კომპანია მონაწილეობდა – 3 ჩინური, 3 ევროპული და ერთი უკრაინული კომპანია.
ერთ-ერთი მონაწილე, ჩინური კომპანიის ჩინური კომპანიის HIGER-ის წარმომადგენლობამ საქართველოში სს "ორიონმა" ტენდერის გამჭვირვალობა ეჭვქვეშ დააყენა და აცხადებს, რომ ტენდერის გამოცხადებისთანავე ცნობილი იყო, თუ რომელ კომპანიას უნდა გაემარჯვა.
როგორც "გურია ნიუსს" HIGER-ის წარმომადგენელმა საქართველოში, ავთანდილ საყვარელიძემ განუცხადა, თბილისის მერია აპირებს ერთი და იგივე ხარისხის, მონაცემისა და მახასიათებლების ავტობუსის პაკეტში 11 მილიონი ევროთი მეტი გადაიხადოს.
საყვარელიძე მაშინ კონკრეტულ კომპანიასაც ასახელებდა, თუ ვინ გაიმარჯვებდა ტენდერში. მისი თქმით, "ეს იქნება "ნაციონალების" ფირმა "თეგეტა მოტორსი", რომელიც მიაწვდის MAN-ის ტიპის ავტობუსებსთბილისის მერიას, მაღალ ფასად. ეს დავალება ოდესაში გაიცა, დაახლოებით, 3-4 თვის წინ."თეგეტა მოტორისის" ხელმძღვანელი თემურ კოხოძე "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტისწევრი გახლდათ და დღემდე ერთ-ერთი ლიდერია".
საყვარელიძის ბრალდებებს თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ ტენდერი EBRD-ის პროცედურებით ხორციელდება და აბსოლუტურად გამჭვირვალეა.