სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა სამპირიან სიაში ნანა მჭედლიძეს ევა გოცირიძე ჩაანაცვლებს. აღნიშნული სია დღეს, მთავრობის სხდომაზე იქნა გადასინჯული.
როგორც სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, ევროპის საბჭოს ექსპერტები ალექსანდრე ბარამიძის კანდიდატურას მისაღებად მიიჩნევენ, გიორგი ბადაშვილთან დაკავშირებით კი აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იურისტად მუშაობის 11-წლიანი გამოცდილების მიუხედავად, სასურველი იქნებოდა, სხვა პროფესიული გამოცდილებაც ჰქონოდა. რაც შეეხება ქალ კანდიდატ ნანა მჭედლიძეს, ევროპის საბჭოს ექსპერტები მასთან მიმართებაში უარყოფით რეკომენდაციას იძლევიან და ფიქრობენ, რომ მას არ აქვს არც მართლმსაჯულების სისტემაში სათანადო გამოცდილება და არც მაღალი აკადემიური გამოცდილება.
გამომდინარე იქიდან, რომ სამპირიან სიაში უნდა იყოს ორი სქესის წარმომადგენელი და ერთმანეთის რეალური კონკურენტები, მთავრობამ გადაწყვიტა, იმავე საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეული ხუთი კანდიდატიდან აერჩია ქალი კანდიდატი და ნანა მჭედლიძის ნაცვლად სიაში შეყვანილი ყოფილიყო ევა გოცირიძე.
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს – ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ეწურება.