"თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძემ დღეს ბრიფინგი გამართა, სადაცსა პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, პირად კონტროლზე აიყვანონ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი.
„ჩვენი აზრით, ხელისუფლების შეტევა საკონსტიტუციო სასამართლოზე, რომელიც ერთი წლის განმავლობაში წარმატებით ვითარდებოდა, დასრულდა წარმატებით და ხელისუფლებამ მოიპოვა პოლიტიკური გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოზე. ეს ძალიან საგანგაშოა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო არის სასამართლო, რომელზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყნის სამართლებრივი და დემოკრატიული განვითარება“, _ თქვა გოგუაძემ.
თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელმა, ე.წ. კაბელების საქმეზეც ისაუბრა:
„კაბელების საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი იყო და პირველი ინსტანციის სასამართლომ პოლიტიკური ნიშნით 5 უდანაშაულო ადამიანი 7 წლით გაუშვა ციხეში. ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს მუხლის ის ინტეპრეტაცია, რომელიც გააკეთა პირველი ინსტანციის სასამართლომ, რის მიხედვითაც ადამიანები, რომელთა განკარგვაში ფული საერთოდ არ იყო, გაფლანგვის ბრალდებით არიან ბრალდებულები.
როგორც გოგუაძემ თქვა, სარჩელი მათი მხრიდან შემუშავებულია ისე ნათლად, რომ ამ ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს არ შეუძლიათ უარყოფითი დასკვნის დაწერა.
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, პირად კონტროლზე აიყვანონ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი, რადგანაც მოვლენების ამგვარი განვითარება სახელმწიფოებრივ იმიჯს უქმნის საფრთხეს“, _ თქვა ბრიფინგზე ნინო გოგუაძემ.