"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მოუწოდებს იმ რეალურ ზეწოლაზე ისაუბრონ, რომელსაც ისინი განიცდიან.
"როდესაც მეორე დღესვე განმწესრიგებელი სხდომები ისე ინიშნება, რომ სხვა მოსამართლე საქმის კურსში არ არის და მასალებს არ იცნობს, ეს პირდაპირი შეკვეთაა. ამის ქვეტექსტი შეიძლება იყოს პირადი სიმპათიები, ზეგავლენა. ჯობს, რეალურ ზეგავლენაზე ისაუბრონ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლეებმა, რომლებიც დანარჩენი ხუთი მოსამართლის პრეტენზიებსა და კითხვებს გაუგებარ პასუხებს სცემენ. ყველაზე საგანგაშო ფაქტი, რაც ამ ბოლო დღეებში გახმოვანდა _ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეების ჩაწყობა და კონკრეტული საქმის ავტორების ინტერესების ლობირება ხდება. როდესაც სარჩელი პარასკევს შედის, ატანენ უკან, ეუბნებიან დაამატე მოთხოვნები, რადგან არ იქნება კარგი სარჩელი და მეორე დღეს დაზუსტებული, მუხლდამატებული სარჩელი შედის, რაც კანონსაწინააღმდეგოა. ეს ხდება 2016 წელს, 21-ე საუკუნეში. საუბარი მაქვს „კაბელების საქმეზე“, რომელსაც საბოლოოდ, გიგი უგულავას საქმე გაუერთიანდა და სადაც აშკარად, "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესები იკვეთება", _ აღნიშნავს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი.