გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული, თუმცა საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება არ ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში, – ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა "სოციალისტური საქართველოს" ყრილობაზე მომხდარი ინციდენტის შეფასებისას განაცხადა.
როგორც ნაცვლიშვილმა განმარტა, საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება კანონითაა აკრძალული.
"გამოხატვის თავისუფლება საქართველოს ქვეყნის კონსტიტუციით არის გარანტირებული, თუმცა საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება არ ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში. ის არის კანონით აკრძალული. არგუმენტი, რომ ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება არ არის შესაბამისი.
რაც შეეხება ეფექტური რეაგირების მექანიზმებს, ისინი შესაძლოა გადასახედი იყოს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ, რომელიც კანონით არის შექმნილი, ამ საკითხებს აქტიურად მიადევნოს თვალი", – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
საია-ს თავმჯდომარე მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ კანონის საკუთარი ძალით აღსრულებისგან, რაც შესაძლოა, თავის მხრივ, გახდეს კანონის დარღვევა.
"რაც შეეხება მოქალაქეებს, რომლებშიც, შესაძლოა, ძალიან ლეგიტიმურად აგრესიას იწვევდეს საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება, ვთხოვ და მოვუწოდებ, თვითონ არ აიღონ კანონის აღსრულება საკუთარ თავზე. ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა და კერძო პირებმა არ უნდა დაარღვიონ კანონი, კანონის დაცვის მოთხოვნით,"– განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
კრიმინალური პოლიციის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა "სოციალისტური საქართველოს" ყრილობაზე მომხდარი ინციდენტის დროს, ერთი პირი დააკავეს, რომელიც მოქალაქესთან ფიზიკურ დაპირისპირებაშია ეჭვმიტანილი.