”ჩემი სახლი სოფლის განაპირას მდებარეობს. მიწის ნაკვეთიც იქვე მაქვს. ატმის ბაღს ვრწყავდი, როდესაც ექვსი შეიარაღებული პირი გამოჩნდა, რუსულ ენაზე საუბრობდნენ. ცდილობდნენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავეყვანე. წინააღმდეგობა გავუწიე, რა დროსაც სასტიკად მცემეს. სავარაუდოდ, ყველა მათგანი რუსი იყო”, _ ამბობს 41 წლის ალექსანდრე შევერდაშვილი, რომელიც ცხინვალის იზოლატორიდან დღეს გაათავისუფლეს.
იგი მძიმედაა დაშავებული და გორის საავადმყოფო ”გორმედში” მკურნალობს.
ნეოროქირურგ კახი ფაცინაშვილის განცხადებით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, თუმცა, სტაბილური და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მკურნალი ექიმის თქმით, შევერდაშვილს თავის არეში დაზიანებები აღენიშნება, ასევე, აქვს ტვინის შერყევა და ფიქსირდება გულმკერდის დაჟეჟილობა. ექიმის ინფორმაციით, შევერდაშვილმა აღნიშნული დაზიანებები საოკუპაციო ხაზთან დაკავებისას მიიღო.
როგორც დაზარალებული ამბობს, სამედიცინო დახმარება მას ცხინვალშიც გაუწიეს.
გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ონიაშვილის განცხადებით, მომხდარი ფაქტი უმძიმესია და აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიაწვდიან.