ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ გომისმთაზე ტრადიციული დღესასწაული „გომისმთობა“ აღინიშა. სამთო კურორტი გომისმთა ზღვის დონიდან 2 250 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.
წელსაც ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისთვის საზეიმო ღონისძიებები სპორტული ასპარეზობებით დაიწყო.
გაიმართა შეჯიბრი მინი-ფეხბურთსა და ბაგირის გადაძალვაში. მოეწყო ექსტრემალური შეჯიბრი _ ჯიპტური, რომელშიც ბათუმისა და ქუთაისის off-road- კლუბის წევრები მონაწილეობდნენ. „გომისმთობას“ გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ასევე, დღესასწაულზე იმყოფებოდა “ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთში არჩილ თალაკვაძე.
“გომისმთაზე“ დამსვენებლებმა მედიის წარმომადგენლებთან წყლის და შუქის პრობლემის მოგვარება მოითხოვეს.
„გომისმთის პოპულარიზაციის მიზნით, მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად მართავს სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს. ეს არის კურორტი, რომელსაც განვითარება სჭირდება და ამ მიმართულებით ჩვენ ქმედით ნაბიჯებს ვდგამთ. წელს გომისმთაზე წყლის სისტემის მოწყობა დაიწყება. დაიხარჯება 200 000- მდე ლარი, დამონტაჟდება წყლის რეზერვუარები და 2017 წელს დამსვენებელს წყლის პრობლემა აღარ ექნება", _ აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
ღონისძიებების ბოლოს სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულ გუნდებს და მონაწილეებს სპეციალური დიპლომები და თასები გადასცეს.
„გომისმთობა 2016“ ანსამბლი "ჩვენებურების" კონცერტით დასრულდა.
სახალხო დღესასწაული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის და ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.