ქალაქ ოზურგეთის მერს, ბეგლარ სიორიძეს ოზურგეთელები ნაწილი უპირისპირდება. ამის მიზეზი კი ქალაქის ცენტრში, 9 აპრილის პარკში დაწყებული სამუშაოებია, რომლის შეჩერებას მოქალაქეების ნაწილი ითხოვს და შესაბამისი განცხადებით ადგილობრივ თვითმმართველობასაც კი მიმართეს.
ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე მიიჩნევს, რომ "ეს ყველაფერი არასერიოზულ ახირებას ჰგავს" და პროექტის შეჩერებას არ აპირებს.
გაჩერებას არც პეტიციის ავტორები აპირებენ და როგორც ამბობენ ბრძოლას გააგრძელებენ. უფრო მეტიც _ სოციალურ ქსელში პეტიციაც გაჩნდა _ "9 აპრილის პარკის გადასარჩენად", რომელსაც ამჟამად 136 ხელმომწერი ჰყავს.
თემას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტრირაძე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ "აჟიოტაჟი გადაჭარბებულია".
"ვფიქრობ, რომ აჟიოტაჟი გადაჭარბებულია. საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად წარმოქმნილი ამ ტიპის კამათიც ბუნებრივია, თუმცა, არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ შემდეგი გარემოებანი:
ჯერ ერთი, ქალაქის საკრებულო იმიტომ არსებობს, რომ მასში წარმოდგენილმა მოსახლეობის წარმომადგენლებმა, დეპუტატებს ვგულისხმობ, იმსჯელონ რა და როგორ სჯობია ქალაქისთვის და გადაწყვეტილება ამ მსჯელობის მერე გამოიტანონ.
როგორც ჩემთვის ცნობილია, ქალაქის საკრებულომ აღნიშნული გზის გაყვანასთან დაკავშირებული პროექტი ჯერ კიდევ 2015 წლის ოქტომბერში მოიწონა და დაამტკიცა. ამის შემდეგ გამოცხადდა ტენდერი და გამარჯვებულმა კომპანიამ დაიწყო სამუშაოს შესრულება. თუ საკრებულოს რომელიმე წევრისათვის პროექტი მიუღებელი იყო, სწორი იქნებოდა მაშინვე, დაუყოვნებლივ გამოტანილიყო საზოგადოების სამსჯავროზე ეს საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დაახლოებით 10 თვის წინანდელ პროექტს ახლა ვაპროტესტებთ და მას მერის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებად მივიჩნევთ.
ნურავინ იფიქრებს, რომ საზოგადოების ჩართულობის წინააღმდეგი ვიყო ან ქალაქის საჭირპოროტო პრობლემებთან მიმართებაში აზრთა გაცვლა – გამოცვლა მიუღებლად მიმაჩნდეს. პირიქით, ამის აქტიური მომხრე ვარ და დღეს, როცა ამ პროექტს ჩემთვის ძალიან ძვირფასი რამდენიმე ადამიანიც კი აპროტესტებს, მაინც, რა ვქნა და გულწრფელად გეტყვით რასაც ვფიქრობ.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ქალაქის მერიის არგუმენტი, რომ პროექტი შუა ქალაქში ავტომანქანების მოძრაობას განტვირთავს და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს აბსოლუტურად დამაჯერებლად მეჩვენება. დღეს რამდენიმე ოზურგეთელსაც ვესაუბრე, ვის აზრსაც ასევე პატივს ვცემ და მათი დამოკიდებულებაც ანალოგიურია _ აღნიშნული პროექტი ყველაზე პრაგმატული გამოსავალია აქამდე არსებული პრობლემების გადასაჭრელად ქალაქის ცენტრში.
ბოლოსდაბოლოს – ეს საკრებულოს და მერიის გადასაწყვეტი საკითხია და სამომავლოდ, მსგავსი პროექტების განხილვაში საზოგადოების უფრო ფართო და დროული ჩართულობა ძალიან სასურველია," _ აღნიშნავს კვაჭანტირაძე.