სამხრეთ საფრანგეთში ძლიერი ხანძარია. აღნიშნულ ინფორმაციას FRANCE24 ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი, რის გამოც, ხანძარი სოფლიდან სოფელს ედება და საპორტო ქალაქ მარსელისკენ მიემართება.
გავრცელებული ცნობით, ქალაქ ვიტროლესში მდებარე დასვენების ცენტრებისა და სახლებიდან ევაკუირებულია ასობით ბავშვი და მოზარდი.
როგორც ცნობილია, ვიტროლესი მარსელიდან 25 კილომეტრში მდებარეობს, სადაც ხანძარმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი უკვე გაანადგურა.
მარსელის აეროპორტის განცხადებით, ქალაქში შემავალი რეისები ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავებისთვის გზის გათავისუფლების მიზნით გადაიდო.
მარსელის მერის მოადგილის, ჟულიენ რუასის თქმით, ქალაქში ცეცხლისთვის დერეფანს ქმნიან.
"ცეცხლი სწრაფად პროგრესირებს. ქალაქში ცეცხლის ასარიდებლად დერეფანს ვქმნით, მაგრამ თუ ცეცხლი მას გასცდება, მარსელის ჩრდილოეთ უბნებში გავრცელდება", _ამბობს რუასი.
მეხანძრეების თქმით, ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, 25 სახლი დაიწვა, ხოლო 2 700 ჰექტარი დაცარიელდა.
"სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა. ცეცხლი არის ძალიან ძლიერი, სწრაფი, ფეთქებადი და ყველაფერს წვავს“, _ აცხადებენ მეხანძრეები.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბერნარ კაზენუევეს განცადებით, ხანძარმა მარსელის გარეთ სამრეწველო ფართობი მოიცვა.
მინისტრის თქმით, ხანძართან საბრძოლველად 1 800 მეხაძნრეა მობილიზებული, რომლებსაც ქალაქებში სახლების უსაფრთხოების დასაცავად 400-მდე პოლიციელი ეხმარება.
"ყველაფერი დაიწვა, სახლი, მანქანა. არაფერი დამრჩა. ჩემი მეზობლებიც მსგავს ვითარებაში არიან. ყველაფერი განადგურებულია, შავია და მიტოვებული", _ა მბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი.