საქართველოში პირველად, საერთაშორისო პრინტ ფესტივალი LIFE N STYLE დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის _ ხელით ბეჭდვის (შოლკოგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, ლინო გარვიურა და ა.შ) აღდგენა-ხელშეწყობას.
ფესტივალის ფარგლებში თიბისი გალერეაში ქართველი არტისტების მიერ, სპეციალურად ამ ტექნოლოგიით შესრულებული ორიგინალური ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ტატო ახალკაციშვილის, მარი ათანელის, უტა ბექაიას, ალექს ბერდიშევის, მაია სუმბაძის, მურთაზ შველიძის, მამუკა ცეცხლაძის, ნიკო ცეცხლაძის, კოკა ცხვედიანის, გურამწიბახაშვილის, ოლეგ ტიმჩენკოს, გეგა პაქსაშვილის და სხვა ცნობილი არტისტების ნამუშევრები.
ხელით ბეჭდვის ტექნიკა უნიკალურია იმით, რომ იძლევა შესაძლებლობას, მოხდეს ნამუშევრის რამდენიმე (10-15) ეგზემპლარად ტირაჟირება, რომელთაგან ყველა ორიგინალია. სწორედ ეს განაპირობებს ამ ტექნოლოგიის მიმზიდველობას და ამასთან, უზრუნველყოფს მის მასიურ გავრცელებასა და ხელმისაწვდომობას.
გალერეაში წარმოდგენილი ნამუშევრების ნახვა შესაძლებელი იქნება ბათუმის ქუჩებშიც. კოლექცია დაიბეჭდა დიდ ფორმატებზე და ის ინტეგრირებული იქნება ქალაქში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე: ზღვის სანაპიროზე, კაფეებში, სკვერებში, საცხოვრებელ და გასართობ სივრცეებში. ფესტივალი ბათუმში 7 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.
ფესტივალის საუკეთესო კოლექცია შემდგომში მოივლის თბილისს და საქართველოს სხვადასხვა ქალაქს, ასევე მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო პროექტებში.