რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გუშინ მხოლოდ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა.
22 წლის მცხეთელმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა და ოლიმპიური ჯილდოსთვის ბრძოლის გაგრძელება შეძლო.
კანოისტთა 200 მეტრზე შეჯიბრში 25 სპორტსმენი მონაწილეობდა. პირველი გაცურვისას ქართველმა მეოთხე ადგილი დაიკავა და ნახევარფინალურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება მიიღო.
ნახევარფინალში ზაზა ნადირაძე ფავორიტად არ ითვლებოდა. გაცურვაში შვიდი სპორტსმენი გამოვიდა. აქედან, ფინალში გასვლა პირველ ორ ადგილზე გასულს შეეძლო. ჩვენმა კანოისტმა ყველა მეტოქეს აჯობა და ფინიშთან გამარჯვებული მივიდა.
დღეს ლაშა ნადირაძეს გადამწყვეტი გაცურვა ელოდება. მისი მეტოქეები ბრაზილიელი ისაკუა დოშ სანტოსი, ესპანელი ალფონსო ბენავიდესი, ჩინელი ლი ძიანი, აზერბაიჯანელი ვალენტინ დემიანენკო, ფრანგი ტომა სიმარი, რუსი ანდრეი კრაიტორი და ჩეხი მარტინ ფუქსა იქნებიან.
იმედია, ქართველი უკვე მიღწეულზე არ შეჩერდება და ოლიმპიური მედლისთვის იბრძოლებს.
დღესვე მძლეოსანთა ასპარეზობაზე კიდევ ორ ჩვენებურს ვიხილავთ.
ბირთვის კვრაში ბენიკ აბრამიანი გამოვა, სიმაღლეზე ხტომაში კი ვალენტინა ლიაშენკო იასპარეზებს.