რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე გუშინ სამი ქართველი სპორტსმენი ასპარეზობდა.
ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ კვლავ სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა და ფინალურ გაცურვაში საპატიო მეხუთე ადგილი დაიკავა. სპორტის ეს სახეობა ჩვენს ქვეყანაში განვითარებული თითქმის არ არის და მხოლოდ რამდენიმე ენთუზიასტის მოწადინებით არსებობს. ამ პირობებში ზაზა ნადირაძის მიერ ნაჩვენები შედეგი ნამდვილი გმირობის ტოლფასია.
„ფსიქოლოგიური კუთხით დღევანდელი გამოსვლისთვის, ცხადია, მზად ვიყავი. დილა გეგმიურად დავიწყეთ, წინა საშეჯიბრო მოთელვის დროს შეცდომებზე ვიმუშავე, ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ სტარტი მაინც გამიფუჭდა.
ძალ-ღონე არ დამიშურია მაქსიმალური სიჩქარის მისაღწევად, ლიდერებს არ ჩამოვრჩებოდი, მაგრამ ბოლოს, ძალაგამოცლილმა ვეღარ შევინარჩუნე სიჩქარე და ეს ყველაფერი, საბოლოოდ, შედეგზეც არასასურველად აისახა.
რა თქმა უნდა, გვერდიდან ყველაფერი უკეთ ჩანს, მაგრამ სამწუხაროა, რომ ცუდმა სტარტმა და სტარტზე ზედმეტმა ენერგიის დახარჯვამ, ასე ვთქვათ, ხელიდან უკეთესი შედეგი დამარკგინა", _ განაცხადა ასპარეზობის შემდეგ ნადირაძემ.
მცხეთელი ნიჩბოსნისაგან განსხვავებით, ქართველმა მძლეოსნებმა ვერაფრით გაგვაკვირვეს. სიმაღლეზე ხტომაში ვალენტინა ლიაშენკომ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია.
ლიაშენკომ 1.80 დააფიქსირა, რაც 36 მონაწილეს შორის 32-ე შედეგი იყო.
მის კვალს მიჰყვა ბენიკ აბრამიანიც. ბენიკმა ბირთვი 18.72 მეტრზე ისროლა, B ჯგუფში მე-15 ადგილი დაიკავა და ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.
დღეს ოლიმპიურ თამაშებზე სამი ჩვენებური იასპარეზებს. ბრძოლაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან და იმედია ოლიმპიური ჯილდოების რაოდენობის გაზრდას აუცილებლად მოვახერხებთ.
დღევანდელი დღის მთავარი იმედები 57 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილს უკავშირდება. მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი თავდაპირველად ყაზახ ნურისლამ სანაიევს შეხვდება. წარმატების შემთხვევაში, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევსა და კორეელ ჟუნსიკ იუნს შორის მოგებულს დაუპირისპირდება.
74 კგ წონით კატეგორიაში იაკობ მაქარაშვილი გამოვა.
ქართველი ფალავანი თავდაპირველად ბულგარელ გიორგი ივანოვს დაეჭიდება. მასთან მოგების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე კოლუმბიელ კარლოს მენდეს იზქიეროსა და აზერბაიჯანელ ჯაბრაილ ჰასანოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
დღესვე მხატვრულ ტანვარჯიშში ასპარეზობა დაიწყება. ჩვენი ქვეყნის ღირსებას სალომე ფაჟავა დაიცავს.