გუშინ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტულ დელეგაციას ბედნიერი დღე ჰქონდა. გორელმა მოჭიდავემ, 25 წლის ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სრულიად საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
ვლადიმერი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია, ის 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის ფინალშიც გახლდათ გასული და მაშინ ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო. ასაკის მიუხედავად გორელი ფალავანი სპორტის მის სახეობაში არსებული ყველა ტიტულის მფლობელი გახდა.
გუშინდელი ტრიუმფისაკენ მიმავალი გზა ხინჩეგაშვილმა ყაზახი ნურისლამ სანაიევის დამარცხებით დაიწყო. შემდეგ მის გზას აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი გაუყენა. ამ შეხვედრაში გაუჭირდა, რადგან მსაჯები აზერ მოჭიდავეს აშკარად და დაუფარავად უდგებოდნენ.
ნახევარფინალში ვლადიმერმა ბულგარელ ვლადიმერ დუბოვს მოუგო და ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება მიიღო.
ქართველს ფინალში გუშინდელი დღის აღმოჩენა, 20 წლის იაპონელი ჰიგუჩი რეი ელოდა. დებიუტანტმა რეიმ ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, ტიტულოვანი მეტოქეები სულ პანტა=პუნტით დაამარცხა და ხინჩეგაშვილთან პაექრობის უფლებაც მოიპოვა.
ფინალური ორთაბრძოლა ამომავალი მზის ქვეყნის შვილმა უფრო აქტიურად დაიწყო და თავდაპირველად დაწინაურდა კიდეც. საბედნიეროდ გორელ ფალავანს ზედიზედ მეორე ოლიმპიური თამაშების გადამწყვეტ შერკინებაში დამარცხება კატეგორიულად არ სურდა, ძალები ბოლომდე მოიკრიფა და იაპონელი რეი საჭიდაო ლეიბიდან თავჩაქინდრული გაუშვა.
ლადო ხინჩეგაშვილმა მშობლიურ ქვეყანას მეორე ოლიმპიური ოქროს ჯილდო მოუტანა.
„ფსიქოლოგიური კუთხით ოლიმპიადისთვის მზად ვიყავი. გამოჩნდა, რომ ფიზიკურადაც კარგ ფორმაში ვიყავი. სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემპიონობა", – განაცხადა ხინჩეგაშვილმა ფინალური ორთაბრძოლის შემდეგ.
გუშინვე ოლიმპიურ საჭიდაო ლეიბზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე კიდევ ერთი ქართველი გამოვიდა. იაკობ მაქარაშვილმა თავდაპირველად ბულგარელ გეორგე ივანოვს მოუგო, მაგრამ მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ჯაბრაილ ჰასანოვთან წააგო.
გუშინ რიო-დე-ჟანეიროში მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა შეჯიბრი დაიწყო. სამწუხაროდ სალომე ფაჟავამ უიღბლოდ იასპარეზა. ქართველმა 26 მონაწილეთა შორის მხოლოდ მე-14 ადგილი დაიკავა და მედლებისთვის ბრძოლას ვეღარ განაგრძობს,
დღეს რიო-დე-ჟანეიროში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ორ ქართველ ფალავანს ვიხილავთ. სანდრო ამინაშვილი და გენო პეტრიაშვილი ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარმატებული გამოსვლის გაგრძელებას შეეცდებიან და იმედია დღევანდელი საღამო გუშინდელზე არანაკლებ წარმატებული იქნება.