ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის ოჯახის დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ორჯერ ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული სეით სადილიანი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სეით სადილიანი ქუთაისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სადილიანი 2012 წელს ჯარისკაცის ცემისა და მკვლელობისთვის დააკავეს, თუმცა მას ამინისტიის შედეგად მუხლი შეეცვალა და საპატიმრო დაწესებულება 2015 წელს დატოვა.
ყაჩაღები ოქროს და ფულს ითხოვდნენ და სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ზაალ მამალაძეს წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ფიზიკური ძალა გამოიყენეს ნინო მამალაძის მიმართაც.
აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი იმ დროს მოხდა, როცა პოლიცია რეიდებს ატარებდა და ავტომანქანებს, მგზავრებსა და ფეხით მოსიარულეებსაც, საფუძვლიანად ამოწმებდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ზაალ მამალაძის სახლი ჩოხატაურის პოლიციის შენობიდან ორასიოდე მეტრში მდებარეობს.