შეკვეთილში, შავი ზღვის არენასთან ასიოდე მეტრში, გუშინ სარეკლამო ბანერი განთავსდა, რომელსაც კურორტი ქობულეთი აწერია.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სადაც როგორც განმარტეს, აბრის დადგმის ნებართვა არ გაცემულა.
მუშების განმარტებით აბრა „კოკა-კოლას“ ეკუთვნის და მისი დადგმის ნებართვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გასცა.
აღნიშნულს უარყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სულხან ევგენიძე, რომლის თქმით მსგავსი აბრის დადგმის ნებართვა მან ქობულეთის ტერიტორიაზე გასცა:
_ როგორ გავცემდი ნებართვას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, აბრის განთავსება თემურ ჭყონიას ქობულეთის მოსახლეობამ სთხოვა, რადგან ზუსტად იმ ადგილზე იწყება ავტობანი, რომელიც გადის ბათუმში. შესაბამისად, ქობულეთში წამოსული ტურისტი ბათუმში ხვდებოდა და არა ქობულეთში _ გზა ერეოდათ. მხოლოდ ამიტომ დაიდგა აბრა, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ევგენიძე, რომელიც ოზურგეთის ტერიტორიაზე კურორტ ქობულეთის აბრის განთავსებაში პრობლემას ვერ ხედავს.
ევგენიძე ამბობს, რომ სურვილის შემთხვევაში მსგავსი აბრის დადგმა, წარწერით კურორტი შეკვეთილი ან კურორტი ურეკი გურულებს ქობულეთის ტერიტორიაზეც შეუძლიათ.
აღნიშნული აბრის განთავსებამ გურულების განაწყენება გამოიწვია, რომლებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ:
_ ოზურგეთის ტერიტორია ბევრჯერ გამოაცხადეს აჭარის კუთვნილებად. ხან ციცინათელა, ხან შავი ზღვის არენა. ამაზე ოზურგეთის ხელისუფლება ხმას არ ირებს და შედეგად ის მივიღეთ, რომ ჩვენი ტერიტორია უცებ ქობულეთად გამოაცხადეს, _ აღნიშნავენ გაბრაზებული გურულები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის თქმით დეტალებს ახლა არკვევენ და ინფორმაციის სრულად მიღების შემდეგ შესაბამისი რეაგირებაც მოხდება.
დეტალებზე არც „კოკა-კოლას“ წარმომადგენლები საუბრობენ.
_ დღეს უქმე დღეა და ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, _ ასე უპასუხა კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა გოგა რობაქიძემ „გურია ნიუსის“ კითხვას თუ ვისი ნებართვის საფუძველზე დადგეს სარეკლამო აბრა ოზურგეთის ტერიტორიაზე.