გუშინ, ბახმაროში დამსვენებლებსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატ ბაკურ შარაშიძეს შორის დაწყებული სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
_ ბახმაროში, აჭარლები ერთ გორზე ვცხოვრობთ. ყოველ ზაფხულს ავდივართ ოჯახებით, ვთესავთ კარტოფილს, საქონელს იალაღზე ვუშვებთ, ვამზადებთ ყველს, კარაქს და ასე ვაგროვებთ მთელი წლის მარაგს. არასდროს, არავისთან კონფლიქტი არ გვქონია ჩვენი სარწმუნოების გამო.
თუმცა, წლევანდელი წელი გამონაკლისია. რატომღაც, სწორედ სარწმუნოების გამო დევნა დაგვიწყო ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატმა ბაკურ შარაშიძემ, რომლის სახლიც იმ გორზე მდებარეობს, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.
ბევრჯერ გვითხრა, რომ აჭარლებს ბახმაროში არაფერი ესაქმებოდათ, თუმცა, ამაზე ყურადღება არ გაგვიმახვილებია, რადგან კონფლიქტს მოვერიდეთ. გუშინ კი ყოველგვარ ზღვარს გადავიდა _ ამოვიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი და ხმამაღლა იძახდა, რომ გორი მისი იყო, რომ წყალიც მას ეკუთვნოდა და ჩვენ არ გვქონდა უფლება გამოგვეყენებინა, რადგან მუსულმანები ვართ.
მამაჩემი შეეპასუხა, ეს არ იკადრა და საშინლად სცემა. სიტუაციის განმუხტვა ჩემმა შვილმა სცადა, თუმცა ისიც არ დაინდო და 12 წლის ბავშვსაც ხელით შეეხო, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას მაყვალა მარკოიძემ.
მისივე თქმით, საქმის კურსში პოლიციაც ჩააყენეს, თუმცა პოლიციამ ბახმარო ისე დატოვა, რომ სიტუაციის განმუხტვა არ უცდია:
_ მოვიდნენ, გვითხრეს რომ დამშვიდებულიყავით, რომ შარაშიძეს იმუნიტეტი იცავდა, ვერ დააკავებდნენ და წავიდნენ. პოლიციის წასვლის შემდეგ შარაშიძემ ჩვენი შეურაცხყოფა და მამაჩემის ცემა გააგრძელა, _ ამბობს მარკოიძე, რომლის შვილს, დაზიანებების დასადგენად ექსპერტიზა წუხელ ჩაუტარდა.
ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოში მარკოიძის ბრალდებებს უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ საქმეზე მოკვლევა და წინასაგამოძიებო მოქმედებები გუშინვე დაიწყეს.
რაც შეეხება შარაშიძეს _ საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" მომხდარს არ უარყოფს, თუმცა, განსხვავებულ ვერსიას ყვება:
_ იმ უბანში წყალი ჩემი სახსრებით შევიყვანე. გუშინ ავედი ბახმაროში და წყალი დაკეტილი დამხვდა, ამის გამო დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა. მე მარტო ვიყავი, ისინი კი საკმაოდ ბევრნი _ ცულებით და წალდებით შეიარაღებულები დამხვდნენ. ცემით არავინ მიცემია და იმის თქმა, რომ ბავშვი ვცემე აბსურდია, _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას შარაშიძე.
შარაშიძე ასევე უარყოფს იმ ფაქტს, რომ მარკოიძეებს სარწმუნოების გამო დევნიდა:
_ მე ნაბეღლავის თემის დეპუტატი ვარ, რომელშიც ასევე შედის სოფელი ქვაბღა და ჩხაკაურა, სადაც აჭარლები ცხოვრობენ. ადით და იკითხეთ ჩემზე. ვერცერთი მათგანი ვერ იტყვის, რომ რომელიმეს სარწმუნოების გამო შეურაცხყოფა მივაყენე. მე იმ სოფელში დავიბადე, მათთან ერთად გავიზარდე და ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან, _ გვითხრა შარაშიძემ.
ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატი, ამ წუთებში, ჩოხატაურის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება. უკვე დაიკითხა მეორე მხარე და როგორც სამართალდამცავებმა გვითხრეს, გამოძიება ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.