შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, თელავის რაიონული სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი კ. ხ., 1993 წელს დაბადებული ო. ს. და 1993 წელს დაბადებული ა. მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის აგვისტოში, წინასწარი შეთანხმებით, თელავისა და გურჯაანის რაიონებში სწრაფი ჩარიცხვის რამდენიმე აპარატი დააზიანეს და გაქურდეს.
"სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამივე ბრალდებული ვაზიანი-თელავი-გომბორის საავტომობილო გზაზე დააკავეს. ავტომანქანის ჩხრეკისას მოპარული 1 154 ლარი და დანაშაულის ჩადენის იარაღები – ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)", _ აცხადებენ უწყებაში.