7-8 სექტემბერს, საქართველოში ჩამოდის ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო, რაც არის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერისა და ქვეყნის მიერ მიღწეული შედეგების აღიარების გამოხატულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
მისი თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტი იქნება რიგით მეოთხე, რაც წარმოადგენს საქართველოსადმი ალიანსის წევრი ქვეყნების მაღალ ინტერესს.
„ვიზიტის ფარგლებში შესაძლოა, განხილულ იქნას ვარშავის სამიტის შედეგების დანერგვის გახორციელების საკითხები. ვფიქრობთ, ასევე, განხილული იქნება ქვეყნის მიერ დემოკრატიის განვითარებისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით მიღწეული შედეგები.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო არის უმაღლესი ორგანო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს ალიანსში, ამიტომ ჩვენთვის ამ ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს", – აღნიშნა პრემიერმა.