დღეს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი პროექტის _ „მე და კონსტიტუცია“, მონაწილეებს შეხვდა და დააჯილდოვა.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ კონსტიტუცია არ არის მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტი.
„21 წლის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ქართული სახელმწიფოსთვის – კონსტიტუცია. დოკუმენტი, რომელიც განაპირობებს ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრების ძირითად პრინციპებსა და მიმართულებებს. კონსტიტუცია, ალბათ, არ არის მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტი, იგი შესაძლოა, ბევრად უფრო მეტად არის ჩვენი საზოგადოების თანაცხოვრების, მშვიდობიანად განვითარების, მიზნების მიღწევის ძირითადი სახელმძღვანელო. ამ დოკუმენტის ირგვლივ ფუნქციონირებს სახელმწიფო ინსტიტუტები და არა მხოლოდ. ამ დოკუმენტში დაცულია ის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომელიც თანამედროვე სახელმწიფოში ადამიანს არა უბრალოდ სუბიექტად აქცევს სახელმწიფოს მშენებლობისა, არამედ ამ პროცესის მთავარ ობიექტად ქმნის. თავისუფალი ადამიანის მიერ შექმნილი თავისუფალი საზოგადოება სწორედ ამ დოკუმენტის სულისკვეთებაში იკვეთება“, _ განაცხადა მარგველაშვილმა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, იყო ინიციატივა, რომ კონსტიტუციის დღე უქმედ გამოცხადებულიყო.
„ჩვენ გვქონდა ინიციატივა, რომ ეს დღე უქმედ გამოცხადდეს და ალბათ, რაღაც კონკრეტულ მომენტში ჩვენ ამას მივაღწევთ“, _ განაცხადა პრეზიდენტმა.