თბილისის მერი საკრებულოში გამწვანების საკითხებზე 26 აგვისტოს ისაუბრებს.
ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღეს, თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
გამწვანების რეგულაციების თემაზე გამართულ შეხვედრას ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
„დედაქალაქის საკრებულოში გაიგზავნა ჩემი ხელმოწერით წერილი, რომლის საფუძველზეც მე პარასკევს წარვდგები დედაქალაქის საკრებულოს წინაშე იმ საკითხებით, რაზეც დღეს გვექნება საუბარი. რაზეც შევჯერდებით და რომლის რაციონალური ნაწილიც იქნება მომავალში გათვალისწინებული“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, გამწვანების პოლიტიკა დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.
„ესაა პლატფორმა, რომელიც ჩვენმა გუნდმა აირჩია წინასაარჩევნოდ და შესაბამისად, მიუყვება ამის განხორციელებას. ეს არის ქალაქის ეკოლოგიაზე ზრუნვა, გამწვანებასთან დაკავშირებული საკითხები და ბუნებრივია, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ქალაქის გამწვანებაზე. დაახლოებით 560 000 ხეა ბოლო ორი წლის განმავლობაში ქალაქსა და მის შემოგარენში დარგული, რაც მნიშვნელოვანია და ეს გამწვანების პოლიტიკა გაგრძელდება მიმდინარე წლის შემოდგომაზე და მომდევნო წელს“, _ განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეხვედრაზე თბილისის მერმა ხაზი გაუსვა გარემოს დაცვის და ეკოლოგიის მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და არასამთავრობო სექტორს გარემოსდაცვითი სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართულობა შესთავაზა.































































